მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი – აშშ-ში
By

მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი – აშშ-ში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს გაემგზავრა. მან გაეროს გენერალური ასამბლეის 80 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტ პეტერ პელეგრინს შეხვდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები.

„როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკს შეხვდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს გადასცა ქართველი ხალხის გზავნილი, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე აშშ-ის ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკს შევხვდი. ჩვენ შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული. მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვთ ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ჰოვარდ ლუტნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემს მოსაზრებებს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩსაც შეხვდა. კოლეგებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიკურ ხასიათს იძენს. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში მიიწვია, თავის მხრივ კი, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგა საქართველოში დაპატიჟა. შეხვედრაზე მათ ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა. აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ნიუ- იორკში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ვიზიტი იყო დატვირთული როგორც მაღალი დონის შეხვედრებით, ასევე, პანელური დისკუსიებით.

„მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთული მაღალი რანგის შეხვედრებით და ასევე, პანელური დისკუსიებით, გამოსვლებით. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის მიწვევით და, ასევე, მისი მასპინძლობით, დაესწრო ოფიციალურ ვახშამს, მიღებას. მთლიანობაში, ეს კვირა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი სიტყვები ამ კვირის განმავლობაში იქნება მშვიდობა, საერთაშორისო წესრიგი და სტაბილურობა“, – განაცხადა ელჩმა.

პრეზიდენტის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპოზიციური პარტიები, როგორც ყოველთვის, უარყოფითად აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ვიზიტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის. მაგალითად, პარტია ,,გირჩის’’ სათათბიროს წვერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს:   ,,გაერო ამ სამყაროში ყველაზე უშინაარსო ორგანიზაციაა  და არა მგონია მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლამ რაიმე გავლენა იქონიოს. იქ უამრავ ადამიანს უსმენენ  და არ მახსენდება, რომელიმეს სამყაროზე რაიმე გავლენა მოეხდინოს. იქ ყოფნა არაფერ შუაშია ამერიკის და საქართველოს ურთიერთობებთან. ჩემთვის ყაველაშვილის გამოსვლა არანაირი განსაკუთრებული მოვლენა არაა’’ .  იგივე პოზიცია აქვს პარტია ,,ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის ‘’  პოლიტიკური საბჭოს წევრ ლაშა ფარულავას,  მისი აზრით, ყაველაშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი. ,,ის არაა პრეზიდენტი, ის წარმოადგენს მხოლოდ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, მის სიტყვას ფასი არა აქვს. ჩვენ გვაქვს მოლოდინები, რომ დემოკრატიული სამყარო, ცივილიზებული დასავლეთი, გააგრძელებს მხარდაჭერას ხალხის, ქვეყნის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის’’.

თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გაეროს გენერალური ასამბლეა არის პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. როგორც მან, შესაბამისი კითხვის პასუხად, განაცხადა, ასამბლეის მე-80 სესიის ტრიბუნა, სადაც ყაველაშვილი სიტყვით გამოვა, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მსოფლიომ სიმართლე გაიგოს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება უშუალოდ გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, იქნება არსებულ სიტუაციაზე, იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 სექტემბერს გაემგზავრა. იგი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *