
ხელოვნება, როგორც კულტურათაშორისი დიალოგი
აჭარის ხელოვნების მუზეუმმა საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა, რომელშიც 25-ზე მეტი ქვეყნის 125 მხატვრის, მათ შორის, ქართველი ხელოვანების ტილოები გამოიფინა. ექსპოზიცია 3 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებას, კულტურასა და ტრადიციებს გაეცნოს იმ ენით, რომელიც ყველაზე უშუალოდ გადმოსცემს ადამიანის განცდებსა და ემოციებს. გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს, სსიპ აჭარის მუზეუმის, ტრაპიზონის აქჩააბათის მუნიციპალიტეტის, აქჩააბათის მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის, Synergy Art Group, Expo Batumi -ის მხარდაჭერით იმართება.
„Synergy Art Group“ -ის ხელოვანებისგან შემდგარი ჯგუფური გამოფენა, რომელიც უკვე შედგა სტამბოლში, პარიზში, ბურსასა და ტრაპიზონში, ბათუმში ახალი სახელწოდებით „მარტოობის მელოდიის შემქმნელი ხელოვანისა და სივრცის თანაზიარება“ გაიმართა. „გლობალიზაციამ, ძალადობამ, თანამედროვე ურბანიზაციამ და საცხოვრებელი სივრცეების შემცირებამ ადამიანები გააუცხოვა და მარტოობის თემატიკა მხატვრობაში ახალი სიმძაფრით გამოხატა. ამ გაუცხოებასთან ერთად, ხელოვნება იმედის თავშესაფრად იქცა. ბათუმში წარმოდგენილი ნამუშევრები სწორედ ამ მრავალფეროვან სამყაროს გამოხატავს: სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მხატვრების თვალით დანახულ იმედსა და ოცნებებს“ – ვკითხულობთ გამოფენის საინფორმაციო ბარათში.
– თურქეთის რესპუბლიკა, ასევე, ჩვენი ქვეყანა, ხშირად ვაწყობთ ერთობლივ გამოფენებს, ვმონაწილეობთ სხვადასხვა ღონისძიებაში -პლენერში, სიმპოზიუმში. ყოველ შემოდგომაზე ტრაპიზონში ვმართავთ ერთობლივ გამოფენას, ასევე, მხატვრული კოლექტივები ჩამოდიან ჩვენთან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა ბათუმში. ვეცნობით უცხო ქვეყნების ხელოვნებას, ისინი – ჩვენსას და ეს ურთიერთდამეგობრებით მთავრდება. ვფიქრობ, ასეთი კარგი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ვისაც იდეა გაუჩნდა, რომ საინტერესო გამოფენა გამართულიყო. ქართველებმა თითო ნამუშევარი წარმოვადგინეთ და სტუმრებს დავუთმეთ დარბაზი, – აღნიშნა მხატვარმა გურამ ფუტკარაძემ. გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის კონსულმა ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსმა. მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრობასა და განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებს.
– ჩვენს ახლო მეზობელ, მეგობარ და მოძმე ქვეყანასთან გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა კულტურისა და ხელოვნების სფეროში. მსგავსი ღონისძიებები აუცილებლად გაგრძელდება როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში. ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სავაჭრო ურთიერთობეში, არამედ კულტურის, ხელოვნების, სპორტის სფეროებში, ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა განვითარდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს. დღევანდელი ღონისძიება ტარდება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და თანამშრომლობით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრს, ქალბატონ ელისოს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არაერთ ერთობლივ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ, – განაცხადა ადნან ალთაი ალთინორსმა.
აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილეებს, სტუმრებს და აღნიშნა, რომ მოხარულია, ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენას რომ მასპინძლობს. გამოფენის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. მისი თქმით, ეს და მსგავსი ტიპის ღონისძიებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობის არის კულტურათაშორისი დიალოგი და რა როლი აკისრია მას ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.
– ხელოვნების მუზეუმი დღეს მასპინძლობს ძალიან საინტერესო გამოფენას. აქ წარმოდგენილია 124 მხატვარი 25 ქვეყნიდან. გამოფენის ინიციატორი თურქეთის საკონსულოა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. სხვადასხვა ქალაქში გამართული პლენერებიდან ერთად მოუყარეს თავი ნიჭიერი მხატვრების ნამუშევრებს და წარუდგინეს ქართველ დამთვალიერებელს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ რა როლი აქვს კულტურულ დიალოგს და როგორ შეიძლება მრავალი ქვეყნის ხელოვანი ერთ სივრცეში მოთავსდეს, საერთო ინტერესებთ გაერთიანდეს. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოფენაა ჩვენი ქალაქისთვის, – გვითხრა ელისო ბოლქვაძემ.
გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში 3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ნანა აბულაძე
გალერეა

