1-ელი ოქტომბრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს
By

1-ელი ოქტომბრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს

„1-ელი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს“, – ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო, აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს. „ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს – „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.

„ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე – sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 960 680; 591 960 690“, -აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *