
ირაკლი კობახიძე- ევროპელ ლიდერებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში იმყოფება, სადაც ის EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. პრემიერის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში მისი მონაწილეობით გამართული დისკუსიის თემა ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკური ინტერესები, მათ შორის, დაკავშირებადობა იქნება, რა მიმართულებითაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, მათ შორის, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი.
„ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ევროპელ ლიდერებთან მაქვს საუბრის საშუალება. გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით და ყველგან ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენს ხედვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. გუშინ გვქონდა საინტერესო გაცვლა მოსაზრებების, იდეების ევროპელ ლიდერებთან და აქტიურად გამოვიყენებთ დღესაც ამ ფორმატს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა პრემიერმა.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მათი თქმით:
„ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო.
დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობს ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, საქართველო, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.