„დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება“
By

„დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება“

საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას,- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით, კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობას საქართველო წლების განმავლობაში აშენებდა და ახლა „დიფ სთეითის“ მიერ მართულ ელჩებს მიღწეული შედეგების გაფუჭების საშუალებას არ მისცემენ.

„როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან, ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები – კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში.

ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.

შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები დაძაბოს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღვწით“, – განაცხადა კირცხალიამ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *