ბაადურ წულაძის დაბადებიდან – 90, „ფეოლას“ გადაღებიდან კი 55 წელი შესრულდა
By

ბაადურ წულაძის დაბადებიდან – 90, „ფეოლას“ გადაღებიდან კი 55 წელი შესრულდა

სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმთან გაიმართა ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის, ჩვენი თანაქალაქელი ბაადურ წულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ბაადურ წულაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. წელს იუბილარია, ასევე, მისი ფილმი „ფეოლა“, რომლის ეკრანებზე გამოსვლიდან 55 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც საუკეთესო შედეგი აჩვენა ბათუმის უბნის ბავშვთა ფეხბურთის გუნდმა – „ძველი ბათუმი“ (ხელმძღვანელი – ვეტერანი ფეხბურთელი მოგელი გაგუა).

საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ღია ცის ქვეშ, კინოს მუზეუმის წინ, სადაც ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

საღამოს ორგანიზატორი, კინომცოდნე ოლიკო ჟღენტი შეკრებილთ ბაადურ წულაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრა.

როგორც ოლიკო ჟღენტმა აღნიშნა, ბაადურმა სკოლა ბათუმში დაამთავრა, მას ინჟინრობა სურდა, თუმცა მოულოდნელად შეცვალა ეს გადაწყვეტილება და მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ბაადურ წულაძემ გადაიღო ფილმი, რომლისთვისაც იგი ფორმალისტად შერაცხეს. ეს პერიოდი ცნობილ გამოსვლებს დაემთხვა. რეჟისორს აეკრძალა სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება, თუმცა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შანსი მისცეს. ცნობილმა კინოდრამატურგმა რევაზ გაბრიაძემ მას კომიკური ისტორია შესთავაზა სახლმმართველზე, რომელსაც ფეხბურთის გუნდის შექმნას ავალებენ. რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით, მთელი მოქმედება ქუთაისში ვითარდებოდა. ბაადურ წულაძის ცხოვრებაში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი – ფორმალისტად შერაცხულ რეჟისორს, რომელსაც სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება აეკრძალა, ფილმი უნდა გადაეღო და თუ ჩავარდებოდა, კინოს სამუდამოდ გამოემშვიდობებოდა. ბაადურმა გადაწყვიტა, ფილმი თავის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში გადაეღო. . . „ფეოლამ“ დიდი წარმატება მოუტანა არა მხოლოდ რეჟისორს, არამედ საერთოდ ქართულ კინოს და პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

შეკრებილებმა ნახეს ფილმ „ფეოლასადმი“ მიძღვნილი სიუჟეტი, რომლის მთავარი გმირი გიგლა ცინცაძეა – „ფეოლას“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი – ხვედელიძე. შეხვედრას ბაადურ წულაძის და ლედი წულაძე ესწრებოდა. სტუმართა წინაშე წარმოდგენილი იყო, ასევე, „ფეოლას“ ეკრანებზე გამოსვლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სიუჟეტი.

როგორც ოლიკო ჟღენტმა აღნიშნა, სულიკო ჟღენტის სახელობის მუზეუმის დაარსების იდეა მას ბაადურ წულაძემ შთააგონა. იგი კინოს ნამდვილი შვილი გახლდათ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ორ კინოთეატრში მექანიკოსად მუშაობდა – „ოქტომბერში“ და „ინტერნაციონალში“. იმდენად უყვარდა კინო, რომ მზად იყო ერთი კინოთეატრიდან მეორეში ლენტების კოლოფები ეზიდა. რეჟისორი გახდა, ასევე, ინსპირაცია, რომ ემუშავა წიგნზე „ბათუმი კინოში“. ოლიკო ჟღენტს გადაწყვეტილი აქვს, ამ მუზეუმში ბაადურ წულაძის პირადმა არქივმაც დაიდოს ბინა.

„ფეოლას“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის არაერთი ადამიანი, მათ შორის, ვეტერანი ფეხბურთელები და მწვრთნელები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. აღინიშნა, რომ ბაადურს სპორტი უყვარდა და არ დარჩენილა სახეობა, რომლითაც თავის დროზე არ დაინტერესებულიყო. მას, ასევე, უყვარდა მუსიკა და ვიოლინოზე დაკვრასაც სწავლობდა. საღამოზე რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შემოგვთავაზეს. გარდა ამისა, მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ბაადურ წულაძესთან, რომელმაც სხვა თვალით დაგვანახა ჩვენი და მისი ბათუმი, გაგვიზიარა გულისტკივილიც და სიხარულიც, გადმოგვცა, გვითხრა, რომ თანდათან ბათუმის „არომატი“ იკარგება.

„. . .ბათუმი იყო საინტერესო გადასაღებადაც . . . ახლა რა ხდება? მიმდინარეობს რაც შეიძლება მეტი სივრცის ათვისება, რაც ბათუმს თავის პეწს უკარგავს. . .. ადრე ქალაქს აგეგმარებდნენ და ეტყობოდა კიდეც. . . მთელი მსოფლიოს მრავალ დიდ ქალაქში რკინიგზის სადგური ქალაქის ცენტრშია და ჩვენთან? შენობა ხომ დარჩა, მისი ფუნქციაც დარჩენილიყო. . .ბათუმი მყუდრო და მშვიდი ქალაქი იყო, ახლა?“, – გულისტკივილით ამბობს ბაადურ წულაძე.

ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის ოლიკო ჟღენტმა მადლობა გადაუხადა ბათუმის მერიას, აჭარის კულტურის სამინისტროს, სსპ „აჭარის მუზეუმს“, სპორტის დეპარტამენტს, აჭარის ფეხბურთის ფედერაციას, ეროვნულ კინოცენტრს და ცენტრალური არქივის კინო-ფოტო-ფონო არქივს.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *