საკრებულოს წევრებმა საკითხის დამტკიცებას ერთხმად დაუჭირეს მხარი
By

საკრებულოს წევრებმა საკითხის დამტკიცებას ერთხმად დაუჭირეს მხარი

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ“ ხელშეკრულება განიხილა და დაამტკიცა.

საკითხის უშუალო განხილვამდე, საკრებულოს წევრებმა განცხადებები გააკეთეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს გამოცხადებული ნდობისათვის.

– როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მილოცვით. ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ძალიან ღირსეულ გუნდს ვულოცავ არნახულ წარმატებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ვფიქრობ, ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და გააცამტვერა სკეპტიკოსების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არჩევნების გაყალბება რაღაცნაირად შესაძლებელი იყო. არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. არჩევნებმა დაადასტურა ჩვენი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალიან მაღალი კლასი. არჩევნებმა დაადასტურა ძალიან მაღალი მოწესრიგება ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის. მინდა შეგახსენოთ, რომ თუკი ჩვენ მივიღეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მილიონ 120 000 ხმა, დაახლოებით მილიონ 100 000 ხმა მივიღეთ ამ არჩევნებში და ცხადია, ეს არის ძალიან მაღალი შედეგი. ვინც ჩახედულია საარჩევნო სისტემაში, ძალიან კარგად იცის, რომ სტატისტიკურად, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ნაკლები რაოდენობა მოდის. მინდა ბათუმის საკრებულოს ახალ შემადგენლობას, რომელიც ალბათ, დაახლოებით, ორ კვირაში შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას და ამ ისტორიულ დარბაზში მოღვაწეობას, წარმატებები ვუსურვო. ვიცი რა მათი მუშაობა, მათი სიყვარული და თავგანწირვა ამ ქალაქისადმი, დარწმუნებული ვარ, 24 საათის განმავლობაში მოსახლეობის სამსახურში იქნებიან და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ ბათუმისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გამარჯვება – ჩვენს ქვეყანას და დიდი მადლობა თქვენ, საკრებულოს მომავალო წევრებო, – აღნიშნა თენგიზ აფახაზავამ.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი გახარიას გუნდიდან აკაკი გვიანიძემ. მან, თავდაპირველად განსახილველ საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ მიესალმება საგანამანათლებლო დაწესებულებების, სკოლების ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შესვლას. მისივე განმარტებით, დღეს საჯარო სკოლებს ინფრასტრუქტურის კუთხით ძალიან ბევრი რამ აკლიათ, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად იყოს ჩართული და აგვარებდეს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშეა.

– ბატონმა თენგიზმა მილოცვით დაიწყო გამოსვლა, თუმცა მე არ ვიცი, მოსალოცი რა არის, როდესაც ერთპარტიულობისკენ მიდის ქვეყანა და, პრაქტიკულად, სადღაც თითო-ოროლა ადგილი აქვს თითო-ოროლა მუნიციპალიტეტში ოპოზიციას. ეს არ არის კარგი და ამას, პირველ რიგში, უნდა ხვდებოდეს თავად „ქართული ოცნება“, დე ფაქტოდ არსებული ხელისუფლება. ქვეყანაში ოპოზიციის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ჩვენ ბავშვებს ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ვასწავლით, არათუ ამაზე სერიოზულად უნდა ვსაუბრობდეთ ახლა, ერთ-ერთი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე. ეს არის უბედურება, რაც ჭირს დღეს ამ ქვეყანას და „ოცნებას“კარგად ის გამოუვიდა, რომ ერთი დიდი პროვოკაცია მოაწყო, როცა თქვა, რომ თითქოს რაღაც რევოლუცია და გადატრიალება ხდებოდა 4 ოქტომბერს ამ ქვეყანაში. ჩემი ღრმა რწმენით, ის, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, იყო დაგეგმილი პროვოკაცია. არ შემიძლია, სოლიდარობა არ გამოვუცხადო სოხუმიდან დევნილ ბათუმელ კაცს ზურაბ ჭავჭანიძეს, რომელიც რისთვის არის დაჭერილი, კაცმა არ იცის. შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში არანაირი დანაშაული არ იკვეთება ამ ადამიანის მიმართ. ამ ასაკში რომ ადამიანს სპეცოპერაციით იჭერენ, მიყავთ თბილისში და ასამართლებენ პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმისთვის, რევოლუციისთვის, ძალადობისთვის და გადატრიალებისთვის, არის სირცხვილი. ბევრი სხვა ადამიანიც არის იქ უდანაშაულოდ დაჭერილი და სიმძიმე, ამ ცოდვის ტვირთი სატარებელი ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც პროვოკაცია მოაწყვეს. ამიტომ, ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ქვეყანა მიდის კიდევ უფრო დიდი პოლარიზაციისკენ და თუ ხელისუფლებაა დღეს „ოცნება“ და თვლის თავს პასუხისმგებლობიან ხელისუფლებად, კი არ უნდა აცხადებდეს, ყველა ვინც არ გვეთანხმება, წადით ქვეყნიდან ან ნული თანაგრძნობა და გაგიშვებთ ციხეშიო, არამედ ყველამ უნდა ამოვიღოთ უსამართლობაზე ხმა, რადგან ვერავინ ასეთ რეჟიმში ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

„ორი თვის განმავლობაში ახსენებდით საზოგადოებას 4 ოქტომბერს, ახსენებდით რევოლუციას, დამხობას, ათას უბედურებას აანონსებდით და მერე შეცვალეთ ეს რიტორიკა და ვითომ მშვიდობიანად აპირებდით რაღაცებს. ვიღაცამ თქვენ რომ გისმინოთ, ისე ამბობთ, ვითომ ათონელის სასახლე მივიდა და შევარდა რუსთაველის ქუჩაზე, მსგავს სისულელეებს როგორ ამბობთ? საარჩევნო ყუთებთან ქართველმა ხალხმა გაგცათ პასუხი და დაგახვედრათ შეკრული მუშტი, რომელიც ცხვირ-პირში მოგხვდათ და ამან გაგაღიზიანათ. რასაც დაჰპირდით ხალხს, რომ დავიწყებთ და დავამთავრებთ 4 ოქტომბერსო, მართლა დაიწყეთ და დაამთავრეთ – ოპოიზიციაც და საკუთარი თავიც“, – უპასუხეს ოპოზიციონერ კოლეგას მმართველი გუნდიდან.

განცხადებების შემდეგ, საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვას მიუბრუნდნენ. აღნიშნული ხელშეკრულებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ნაწილის განხორციელება დელეგირებით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში გადმოდის. კერძოდ, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ხელშეკრულება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივ რეაბილიტაციას, პოსტავტორიზაციის პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას, დაწესებულებების დაფინანსებას მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას/ინვენტარით აღჭურვას, შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვასა და გაზიფიცირება/საწვავის/ბრიკეტების/შეშის შესყიდვას.
ხელშეკრულების მიხედვით, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტს გამოეყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის გადაცემის გზით.

– მოგეხსენებათ, ხშირად საჯარო სკოლებში გადასაწყვეტი არის მცირე ინფრასტრუქტურული პრობლემები და იმ ფონზე, რომ ეს უნდა შეთანხმებულიყო განათლების სამინისტროსთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, მათ გააფორმეს დელეგირების ხელშეკრულება მუნიციპალიტეტებთან და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკვე განახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლება, ხოლო დაფინანსება წამოვა ცენტრალური ხელისუფლებიდან, – განმარტა საკითხი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავამ.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატები შეუერთდნენ „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას და ქალბატონებს მოუწოდეს, პრევენციის მიზნით ჩაიტარონ უფასო სკრინინგი. მოგეხსენებათ, მსოფლიოში ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *