
მაკა ბოჭორიშვილი – დარწმუნებული ვარ, რაღაც მომენტში ეს შეიცვლება და უნდა შეიცვალოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „საქართველოს დასჯა და მთლიანად ჩამოშორება ევროკავშირისგან სხვის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე თავად ბრიუსელის, ევროკავშირის და ევროპის“. მისივე განცხადებით, თუ ეს მოხდა, იქნება „სადამსჯელო ოპერაცია“, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს არ მოხდება და ბრიუსელი უფრო მეტად იფიქრებს, რა სჭირდება ევროპას დღეს საქართველოსთან მიმართებით.
მინისტრის განცხადებით, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ისე ევროკავშირს სჭირდება საქართველო და ამას აქვს თავისი გეოპოლიტიკური ახსნა და მოცემულობა.
„დამოკიდებულება ნამდვილად არ არის სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. ეს უნდა შეიცვალოს, უნდა იყოს გაზიარებული ის საჭიროებები, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. დღეს ევროკავშირში არის ხალხი, რომელიც არ თვლის წარმატებულად ამ გაბუტვის პოლიტიკას როდესაც ბრიუსელი თბილისს არ დაელაპარაკება და ასე შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ. ასე ვერაფერს მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, რაღაც მომენტში ეს შეიცვლება და უნდა შეიცვალოს. შეამჩნევდით ალბათ, ბოლო პერიოდში უფრო გახშირებულია ევროპის ქვეყნებთან, ევროპის დედაქალაქებთან დიალოგი. უფრო მეტი ქვეყანა და უფრო მეტი დედაქალაქი გააცნობიერებს იმას, რომ ასეთი ფორმით ქვეყანასთან ურთიერთობა არ შეიძლება და, რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, უფრო მეტი დედაქალაქი დასვამს კითხვის ნიშანს ბრიუსელის პოლიტიკის სისწორესთან დაკავშირებით“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.