არჩილ გორდულაძე- ეს ადამიანები უხეშად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, შესაბამისად, მათაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტიურობები
რეალურად, ქვეყანაში არანაირი ოპოზიციური ხმა არ არსებობს. ხმა, რომელიც ისმის და ქმედებები, რასაც ვხედავთ, არ არის ოპოზიცია, ესენი არიან ქვეყნის დესტრუქციისთვის მოქმედი ძალები, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ეს ადამიანები პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს. მისივე განმარტებით, ცვლილებათა პაკეტში, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს, შესულია იმ პირების საქმიანობის აკრძალვაც, რომლებიც, შესაძლოა, არ არიან რომელიმე პარტიის წევრი, მაგრამ მათი საქმიანობა სრულად თანხვედრაშია რომელიმე პარტიასთან.
„მათთვის ქვეყნის სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წესრიგი არაფერს წარმოადგენს. ეს ადამიანები უხეშად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. როგორც სხვა ქვეყანაში აიკრძალებოდნენ, რისი ასობით მაგალითიც არსებობს ევროპის მასშტაბით, ზუსტად იმავე პრინციპით ვიმოქმედებთ. შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება – ქვეყანა გათავისუფლდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ქვეყნის ჯაყჯაყით არიან დაკავებული და სურვილი აქვთ, ხელისუფლებაში აგენტურა იყოს, მათი დავალება კი ქვეყანას ომში გადაჩეხავს. ეს არიან წევრები, მმართველი რგოლების წარმომადგენლები, ან შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები, ანუ პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ მათი საქმიანობით სრულად თანხვედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან, ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, ამ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტიურობები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.