საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა
ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კენჭისყრის პროცედურაში ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, კონკურენტებს შორის იყო რუსეთის ფედერაციაც.
„კენჭისყრისას უმრავლესობამ ხმა სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მისცა. ქვეყნის სახელით აღმასრულებელ საბჭოში წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა. არჩევნები კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა და საქართველო, როგორც კანდიდატი, ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა. ნომინირებული კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც აღმასრულებელ საბჭოში წარდგენილი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება. აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატად წარდგენის წინამოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და, ზოგადად, მისი მუშაობის ხელშეწყობა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.