საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა
By

საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

გუშინ, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
„ამ დღეებში, ამ ტრაგედიის წინაშე თურქ ხალხთან ერთად ვდგავართ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს საჯაროდ მიუსამძიმრა. „მინდა, გამოვხატო ჩემი მწუხარება საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით. გუშინ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მივუსამძიმრე საჯაროდ და ვიზიარებთ ამ მწუხარებას. ამ დღეებში ვდგავართ თურქ ხალხთან ერთად, ამ ტრაგედიის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის დროს განიხილეს საქართველოში ჩამოვარდნილი ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებით უახლესი ვითარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნავს, რომ საქართველო ამ რთულ დროს სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს.

„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები არ ყოფილა. როგორც მედია წერს, თვითმფრინავი დატვირთული იყო გამანადგურებლების, F-16 სათადარიგო ნაწილებით. ამასთან, ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომელთა მოვალეობაც ტექნიკის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე კონტროლი იყო. თვითმფრინავში ასვლამდე სპეციალისტებმა აეროპორტის უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად, ყველა პროცედურა და შემოწმება უმცირეს დეტალებამდე გაიარეს, რაც აეროპორტის სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

„თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ იყო, მასში მხოლოდ F-16 თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები იყო. C-130-ზე გარე დარტყმის ელემენტების არარსებობა გამორიცხავს მისი ჩამოგდების შესაძლებლობას. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ თვითმფრინავის შიგნით ასაფეთქებელი ნივთიერების ან მოწყობილობის არსებობის და მისი აფეთქების შესაძლებლობას, ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე აუცილებლად უნდა იყოს აფეთქების კვალი“, – აღნიშნავენ აზერბაიჯანულ მედიაში.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, არსებობს ორი ვერსია, თუ რა შეიძლება გამხდარიყო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. პირველი ვერსიის თანახმად, რადგან თვითმფრინავი დიდი ხანია ექსპლუატაციაშია, მასზე შესაძლოა, კოროზია წარმოქმნილიყო და ამას ჩამოვარდნა გამოეწვია. მეორე ვერსიის მიხედვით, თვითმფრინავში ტვირთი მოთხოვნების შესაბამისად არ იყო დამაგრებული, რასაც შეეძლო, ტურბულენტობა გამოეწვია.

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *