კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები თურქეთში გადაასვენეს
თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები თურქეთში გადაასვენეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულებს სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ დაკრძალავენ. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზს დაადგენენ შესაბამისი ჯგუფის მიერ დეტალური გამოძიების ჩატარების შედეგად.
– „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შედეგის მალე მისაღებად. მადლობას ვუხდით საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში
ყველა რესურსის მობილიზებისა და ოპერატიული რეაგირებისთვის“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყება უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ თვითმფრინავს საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.
„ჩვენს თვითმფრინავს გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა და მოწყობილობა თვითმფრინავების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. საბრძოლო მასალები ბორტზე არ ყოფილა“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.