მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი იწყება
დღეს ესპანეთის ქალაქ ლინარესში სტარტს აიღებს მნიშვნელოვანი ტურნირი ჭადრაკში – ფიდეს მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი, სადაც ჩვენი ნაკრები მოქმედი ჩემპიონის ტიტულით იასპარეზებს.

ჩემპიონატში 12 უძლიერესი გუნდი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან: 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები: საქართველო, საფრანგეთი, ყაზახეთი, აშშ, ასევე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კონტინენტური გუნდები: ჩინეთი (აზია), უკრაინა (ევროპა), პერუ (ამერიკა), ალჟირი (აფრიკა), ინდოეთი და ფიდეს სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელიც – 2025 წლის აგვისტოს საშუალო რეიტინგის მიხედვით შეირჩა, ესპანეთი – მასპინძელი ქვეყანა და უზბეკეთი – ნომინირებული ფიდეს პრეზიდენტის მიერ.
გუნდები შედგება ოთხი ძირითადი და ორი სათადარიგო მოთამაშისგან. თორმეტი გუნდი ორ, დაახლოებით ერთნაირი სიძლიერის ჯგუფად დაიყოფა, თითოეულ ჯგუფში 6-6 გუნდით.
საქართველოს ნაკრებში თამაშობენ: ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი (ოთხივე ძირითადი), ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე (ორივე სათადარიგო).
გუნდის კაპიტანია საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია, მწვრთნელი – სერგეი მოვსესიანი.
წელს ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება საქართველოს №1 მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე.
ჩემპიონატი გუნდური ოლიმპიადის სისტემით ტარდება – წრიულად, ხუთ ტურად.
მსოფლიო ჩემპიონატი 24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
მანანა ძიძიშვილი