საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი ბრუნდება
By

საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი ბრუნდება

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
„ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022-2023 წლებში ოპერირებდა და ფრენებს ფრანკფურტი–თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებდა. ორწლიანი ინტერვალის შემდეგ, Condor Airlines-ის საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით. ტურიზმისა და ავიასექტორების განვითარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გერმანია კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარი. შესაბამისად, ფრანკფურტი, როგორც მსხვილი საავიაციო ჰაბი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული ნაკადების, ასევე, საავიაციო დაკავშირებადობის ზრდას. ავიაკომპანია Condor Airlines-ი 1955 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია დღეისთვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ასევე, ოპერირებს კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *