რიკოთის ახალი საავტომობილო მაგისტრალი გაიხსნა – მოძრაობა ოთხზოლიან მონაკვეთზე დღეიდან დაიწყება
By

რიკოთის ახალი საავტომობილო მაგისტრალი გაიხსნა – მოძრაობა ოთხზოლიან მონაკვეთზე დღეიდან დაიწყება

რიკოთის უღელტეხილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა 52-კილომეტრიან, ოთხზოლიან ჩქაროსნულ მონაკვეთზე სრულად გაიხსნება.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ახალი მაგისტრალი მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე -1 800 მეტრს, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის 1 362 მეტრს შეადგენს. გზა აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით და სრულად შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი მაგისტრალის ექსპლუატაციაში გაშვება მგზავრობის მანძილს 8 კილომეტრით ამცირებს და გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად ამოკლებს. შედეგად, თბილისიდან სამტრედიამდე გადაადგილება უწყვეტი, ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზით იქნება შესაძლებელი, რაც ქვეყნის შიდა და სატრანზიტო მოძრაობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა 2019 წელს ოთხ მონაკვეთად დაიწყო. პირველი, ორკილომეტრიანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა, ხოლო დანარჩენი ეტაპობრივად დასრულდა. ახალი გზა გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს, მათ შორის ზესტაფონს, რაც ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს ქალაქებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.
პროექტის ფარგლებში, სოფელ შროშასთან, გზის ორივე მხარეს მოეწყო სპეციალური სავაჭრო სივრცეები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რაც რეგიონში ეკონომიკური აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს.
რიკოთის მაგისტრალი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (E60) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს და საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარების საკვანძო პროექტს. მისი განხორციელება აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.

  • No Comments
  • დეკემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *