მარიამ ქვრივიშვილი: პრიორიტეტად რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა
By

მარიამ ქვრივიშვილი: პრიორიტეტად რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2025 წლის ეკონომიკური შედეგები შეაფასა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები გამოკვეთა.
მინისტრის განცხადებით, წლის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად რჩება ისტორიული მოცულობის – 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიც თბილისსა და გონიოში მასშტაბური დეველოპერული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. აღნიშნული პროექტი 24 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად 700 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დაემატება.
ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. მისი თქმით, ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ როლს რეგიონში.
მინისტრმა ასევე, აღნიშნა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლები. 2025 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა. ამის მიზეზად დასახელდა სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა, ახალი პირდაპირი ავიარეისები და საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოსვლა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მომდევნო წლებშიც პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 2026 წელი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. პრიორიტეტებად რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. პარალელურად, გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დასრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქტიური ფაზა და ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება,“ – განაცხადა მინისტრმა.

  • No Comments
  • დეკემბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *