დონალდ ტრამპი: დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში ხელახლა აღარ შეიჭრება
By

დონალდ ტრამპი: დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში ხელახლა აღარ შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მზად არის, აიღოს ვალდებულება უკრაინის მომავალი თავდაცვის პროცესში შეერთებული შტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებულია, რომ რუსეთი ქვეყანაში ხელახლა აღარ შეიჭრება.
„მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აღარ შეიჭრებიან ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას არ დავთანხმდებოდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ამ კომენტარით უპასუხა შეკითხვას, მზად იქნება თუ არა ის უკრაინის დასაცავად ომისთვის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და კვლავ დაიწყებს სამხედრო მოქმედებებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში დასავლელი პარტნიორებისგან, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისგან, უსაფრთხოების მკაფიო და კონკრეტულ გარანტიებს ითხოვს. კიევს სურს, მოკავშირეებმა აიღონ ვალდებულება, დაეხმარონ უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ რუსეთის მხრიდან შესაძლო ახალი აგრესიის შემთხვევაში.
The New York Times-ის შეფასებით, ტრამპის განცხადებები წარმოადგენს მის ყველაზე მკაფიო სიგნალს იმის შესახებ, რომ მხარს უჭერს ასეთ ვალდებულებებს, სულ მცირე, მოკავშირეების მხარდაჭერის კონტექსტში. ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობის მიღწევა სურს.
„ვფიქრობ, მას შეთანხმების დადება სურს. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი“, – აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთის მხრიდან შესაძლო ახალი თავდასხმის შემთხვევაში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამ პროცესში წამყვან როლს არ შეასრულებს.
„მოდით, ასე ვთქვათ: მისი მოკავშირეები, მთელი ევროპა, სხვა ჩართული ქვეყნები – და შეერთებული შტატები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  • No Comments
  • იანვარი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *