ირაკლი კობახიძე: შუა დერეფანი გლობალური ვაჭრობის აუცილებელ კომპონენტად აქცია
By

 ირაკლი კობახიძე: შუა დერეფანი გლობალური ვაჭრობის აუცილებელ კომპონენტად აქცია

„შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და საიმედო სატრანზიტო მარშრუტად ყალიბდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, როდესაც ტრადიციული სავაჭრო მარშრუტები სანდოობას კარგავს, ალტერნატიული დერეფნების მნიშვნელობა იზრდება.
„კითხვა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეხება არა ტრანსფორმაციას, რაც ცხადად ხდება, არამედ იმას, თუ როგორ ვუპასუხებთ მას,  როგორ შევქმნათ სავაჭრო სისტემა, რომელიც საკმარისად მდგრადია გეოპოლიტიკური შოკების დასაძლევად და თან საკმარისად ღიაა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ფრაგმენტებად დაშლილ გლობალურ ეკონომიკაში განსაკუთრებულ ფასეულობას იძენენ ქვეყნები, რომლებსაც გეოპოლიტიკური განხეთქილებების დაძლევა შეუძლიათ.
„გაურკვევლობის ეპოქაში თავად სტაბილურობა სტრატეგიული აქტივია. მსოფლიოს არა ნაკლები ვაჭრობა, არამედ უფრო მდგრადი ვაჭრობა სჭირდება. მას არ სჭირდება იზოლაცია – მას სჭირდება ინტელექტუალური დივერსიფიკაცია და საიმედო დამაკავშირებელი ხიდები“, – განაცხადა მან.
პრემიერის შეფასებით, შუა დერეფანი უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ ალტერნატივას და ის გლობალური ვაჭრობის აუცილებელ კომპონენტად იქცა.
„შუა დერეფანი აღარ არის უბრალოდ ვარიანტი – ის უკვე გლობალური ვაჭრობის უცილობელი პირობაა. ეს არის სტაბილური და საიმედო სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს“, – თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ბოლო წლებში მსოფლიო სავაჭრო მარშრუტები საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად, გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენით იცვლება.
„ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც ოდესღაც ეფექტურად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა; მიწოდების ჯაჭვები ერთ დღეში ჩამოიშალა, ხოლო ბიზნესები გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა წყნარი ოკეანის რეგიონზეც, სადაც, მისი თქმით, სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია.
„ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა, ოდესღაც დინამიკური კომერციული ურთიერთობები რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. დღეს შევდივართ ეტაპზე, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და ურთიერთობების შენარჩუნება ეკონომიკურ აუცილებლობას წარმოადგენს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *