მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება
By

მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება

მასწავლებლისა და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირების საკითხი კანონის ნაცვლად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდება.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, დეპუტატები შეთანხმდნენ ინიციატივის შეცვლაზე, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელს ან სკოლის სხვა თანამშრომელს, რომელსაც მოსწავლეზე ძალადობის გამო ხელშეკრულება შეუწყდებოდა, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება ეზღუდებოდა.
როგორც საკომიტეტო განხილვისას ითქვა, აღნიშნული 3-წლიანი შეზღუდვა კანონიდან ამოღებული იქნება და საკითხის რეგულირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდება.
კომიტეტის სხდომაზე განმარტება გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სამინისტროში უკვე იმსჯელეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს რეგულირების კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრა.
„ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ საკითხი სამინისტროზე დელეგირდება და კონკრეტული ქმედებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დეტალებში გაიწერება. ეს გაცილებით უფრო ეფექტური იქნება და მონიტორინგის პროცესსაც გაამარტივებს. დავაკვირდებით პრაქტიკას და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს უფრო ინტენსიურად განვახორციელებთ. თემა ძალიან სენსიტიურია და აქ საუბარი სისხლის სამართლის საკითხებზე არ არის. შესაბამისად, სწორად მიგვაჩნია, რომ საკითხი სამინისტროზე იყოს დელეგირებული“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც სკოლებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებს მოიცავს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *