საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა ფართოვდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრს სარა ბინთ იუსეფ ალ ამირს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ორი ქვეყნის განათლების უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და უკვე გაფორმებული მემორანდუმის პრაქტიკული განხორციელება იყო.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმების ეფექტიანად ამოქმედება მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის განვითარებისათვის. ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის წევრებიც უახლოეს პერიოდში პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
გივი მიქანაძემ კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი ცვლილებები. თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრმა ქართულ მხარეს სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები წარმოადგინა.
შეხვედრის დასასრულს შეთანხმდნენ, რომ მოქმედ მემორანდუმში ცვლილებები შევა. დოკუმენტს ხელი წელს, არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.