გაუქმებული პრემიერა – რატომ ვერ შედგა „DARK WEB“ ?
By

გაუქმებული პრემიერა – რატომ ვერ შედგა „DARK WEB“ ?

მიმდინარე წლის 7-8 თებერვალს ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლის „DARK WEB“ პრემიერა გაუქმდა. გადაწყვეტილების შესახებ თეატრის ადმინისტრაციამ საპრემიერო ჩვენებამდე ორი დღით ადრე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სპექტაკლის რეჟისორი გეგა გაგნიძე დიდ სცენაზე „სუბიექტური პოლიტიკური აქტის“ განხორციელებას გეგმავდა, რაც თეატრის პოზიციით, სცდება ხელოვნების ჩარჩოებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას და პოლიტიკის სცენაზე შემოტანა კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს ემსახურება“.

აღნიშნულ განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ: „დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება. ბათუმის დრამატული თეატრი კვლავ გააგრძელებს მაყურებლისთვის მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე სპექტაკლების შეთავაზებას და დარჩება კულტურისა და ხელოვნების სივრცედ, თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან“.

თეატრი ბოდიშს უხდის მაყურებელს შექმნილი დისკომფორტისთვის და განმარტავს, რომ შეძენილი ბილეთების თანხა სრულად დაბრუნდება როგორც სალაროში, ასევე ონლაინპლატფორმის მეშვეობით.

ამასთან, თეატრის ხელმძღვანელმა კოტე მჟავიამ საინფორმაციო სააგენტოსთან Cnews განმარტა, რომ სპექტაკლის გაუქმება მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, იგი რეჟისორსა და მას შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდება და არა უშუალოდ სპექტაკლიდან იმ ფრაგმენტს, რომელიც მან ნახა. კონფლიქტის მიზეზი კი, მისივე თქმით, შემდეგში მდგომარეობს: „მე მოვითხოვე, რომ დავსწრებოდი სპექტაკლს, რეჟისორმა კი გადაწყვიტა, რომ არ უნდა დავსწრებოდი, სანამ ჩაბარება არ იქნებოდა და მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამეუქმებინა სპექტაკლი“, – ამბობს იგი Cnews-თან ინტერვიუში.

კოტე მჟავია ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ ნანახი სცენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, თუმცა კონფლიქტმა, საბოლოოდ, მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დადგმა მთლიანად უნდა გაუქმებულიყო. მისივე თქმით, გადაწყვეტილება შესაძლოა საკამათო იყოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სპექტაკლზე ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხაა დახარჯული, თუმცა პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე იღებს.

მომხდარს უკვე მოჰყვა მწვავე და პოლარიზებული შეფასებები საზოგადოების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და თეატრალური წრეებიდან. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ზემოხსენებული განცხადების გამოხმაურებებში მკაფიოდ იკვეთება ორი ძირითადი პოზიცია – ერთი მხარე გადაწყვეტილებას ცენზურად და ხელოვნების თავისუფლების შეზღუდვად აფასებს, მეორე კი თეატრის სივრცის პოლიტიზირების წინააღმდეგ გამოდის.

კრიტიკული განწყობის მქონე მოქალაქეები და ხელოვანები მიიჩნევენ, რომ ხელოვნება თავისი არსით ყოველთვის უკავშირდება პროტესტს და სოციალური თუ პოლიტიკური რეალობის გააზრებას. მათი შეფასებით, თეატრის გადაწყვეტილება თავისუფალი აზრის „ჩახშობას“ ჰგავს:

„და ასეთი შეზღუდვებით ფიქრობთ, რომ არტისტი გაჩუმდება? საერთოდ თუ იცით, რომ ხელოვნება პროტესტის გამოხატულებაა. ნებისმიერი ხარისხიანი სპექტაკლი, წიგნი თუ ნახატი თავისი შინაარსით უკვე პროტესტია. სხვა ყველაფერი „ჩარჩოში“ მოქცეული კი მაკულატურაა“.

საზოგადოების ნაწილისთვის განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ სპექტაკლი პრემიერამდე გაუქმდა და თავად მაყურებელს შეფასების შესაძლებლობა არ მიეცა. მათი თქმით, თეატრმა მაყურებელს არჩევანი წაართვა:

„ვფიქრობ, პრემიერა უნდა გამართულიყო და მაყურებელი თავად გაარკვევდა, რა „სუბიექტური პოლიტიკური აქტი“ იქნებოდა სცენაზე. თუნდაც ხელისუფლებისთვის მიუღებელი სათქმელი ჰქონოდა, მაყურებლისთვის უნდა დაეტოვებინათ უფლება, შეგვეფასებინა მისი მხატვრული ღირებულება, ფორმა და სიმართლე“.

საზოგადოების ნაწილმა კი მკვეთრად გაუსვა ხაზი, რომ თეატრი არ უნდა იქცეს პოლიტიკურ ტრიბუნად და პარტიული დღის წესრიგის გამტარ სივრცედ:

„თეატრი პოლიტიკური ტრიბუნა არ არის!!! პარტიული დღის წესრიგისთვის არ გამოდგება!!!“, – აცხადებენ ისინი, თუმცა ამავე დროს ზოგიერთი იმასაც მიუთითებს, რომ სუბიექტური პოლიტიკური პოზიცია ავტომატურად აგიტაციას არ ნიშნავს.

კრიტიკული შეფასებების ავტორთა ერთი ნაწილი გადაწყვეტილებას პირდაპირ ცენზურად აფასებს:

„ცენზურა არის არა სუბიექტური პოლიტიკური აქტი, არამედ დანაშაული, განსაკუთრებით ხელოვნებაში“,

„ნამდვილად სირცხვილია. თეატრი ისტორიულად ყოველთვის იყო საზოგადოებრივი და კრიტიკული აზრის სივრცე და არა პოლიტიკისგან სტერილურად დაცლილი ადგილი“.

არაერთი კომენტარი ეხება უფრო ფართო კონტექსტსაც და კულტურულ სივრცეში თავისუფალი აზრის მიმართ დამოკიდებულებას:

„რა არის ხელოვნების დანიშნულება საერთოდ გაგიგიათ?“,

„კონფორმიზმი ვერასდროს შეეგუება თავისუფალ აზრს“,

„ეს რა ჭირი გვჭირს, ეს რა ხდება?! “.

საზოგადოებრივი დისკუსია განსაკუთრებით ამწვავებს კითხვას – სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და პოლიტიკურ აგიტაციას შორის და რამდენად გამართლებულია სპექტაკლის გაუქმება წინასწარ, მაყურებლისთვის საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობის გარეშე. სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გარშემო გრძელდება განხილვა, რომელსაც, სავარაუდოდ, კიდევ არაერთი შეფასება და კომენტარი მოჰყვება.

ჩვენ შევეცადეთ ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორისთვის მისი გადაწყვეტილების მიზეზის უკეთ გასაგებად, მეტი კითხვები დაგვესვა, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. აღნიშნულ თემაზე მეტ ინფორმაციას და შეფასებებს გაზეთი „აჭარა“ მოგვიანებით კვლავ მოგაწვდით.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • თებერვალი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *