„ნაჯახის პოლიტიკა არ გვჭირდება“ – ლევან მახაშვილი ფასების შემცირების ეტაპობრივ გეგმაზე
By

„ნაჯახის პოლიტიკა არ გვჭირდება“ – ლევან მახაშვილი ფასების შემცირების ეტაპობრივ გეგმაზე

ფასების ზრდის ფონზე, ხელისუფლება პრობლემის სისტემურ ანალიზსა და ეტაპობრივ ჩარევაზე საუბრობს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მთავარი ამოცანაა არა ემოციური, არამედ გააზრებული და მიზანმიმართული მოქმედება.
მისი თქმით, ხელისუფლების ამოსავალი წერტილია პრობლემის სიღრმისეული შესწავლა და იმ კონკრეტული რგოლების იდენტიფიცირება, სადაც ფასების შემცირების რეალური რესურსი არსებობს.
„ჩვენი ამოსავალი წერტილია, კარგად გავაანალიზოთ რაშია პრობლემა, კარგად დავინახოთ, სად არის რეალური შესაძლებლობა ფასების დაწევის კუთხით და ამ მიმართულებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტრუმენტები ეტაპობრივად გამოვიყენოთ“, – განაცხადა მახაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო ფორმატში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, თუმცა, ამჯერად, პროცესი საჯარო სივრცეშიც გაგრძელდება, რათა საზოგადოებისთვის გასაგები გახდეს, სად არის გამოწვევები და რა გზები არსებობს მათ გადასაჭრელად.
მახაშვილი არ გამორიცხავს ანტიმონოპოლიურ ნაბიჯებსა და დამატებით რეგულაციებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიზანი ბიზნესის დაზიანება არ არის.
„ყველაზე მარტივია, აიღო ნაჯახი და ნაჯახის წესით დაჩეხო ბიზნესი, რაც ჩვენი ხელისუფლების სტილი არ არის. ეს უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს და ეკონომიკას დაანგრევს“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიდგომა ეფუძნება თანასწორი თამაშის წესების ჩამოყალიბებას, სადაც ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედებს და კონკურენციის პირობები გამჭვირვალე იქნება.
მახაშვილის განცხადებით, ანალიზის პროცესს კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პარალელურად დაიწყება. მისი მოლოდინია, რომ აპრილის ბოლომდე საკითხი საპარლამენტო ფორმატში სრულად შეფასდება, ხოლო ფასების კლების მიმართულებით, შედეგები შესაძლოა უფრო ადრეც გამოჩნდეს.

  • No Comments
  • თებერვალი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *