აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს. ცვლილებები სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ წარადგინა.
საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს ითვალისწინებს კანონებში: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
ცვლილებების ინიცირება განაპირობა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ“ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო კულტურის მიმართულება და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი კულტურის სამინისტრო.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე.