„ახალი იმედები ვაშინგტონში“ – რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ში ვიზიტის შესახებ
By

„ახალი იმედები ვაშინგტონში“ – რას ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ში ვიზიტის შესახებ

აშშ-ში გამართული სუვერენული ერების ალიანსის კონფერენცია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმა აღმოჩნდა. ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა პოლიტიკოსებმა ისაუბრეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებზე და იმ მოლოდინზე, რომელიც მათ ახალი ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ აქვთ.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების იმედი აქვთ: „ახალი ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს, რადგან იდეოლოგიურად ერთსა და იმავე პოზიციაზე ვდგავართ. ჩვენი ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებები არის ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის საფუძველი“.
სამხარაძემ კონფერენციაზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა კვლავ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.
მისი თქმით, „საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენი მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობაა“.
პოლიტიკოსმა ასევე გააკრიტიკა ის, რასაც უცხოურ ჩარევად აფასებს.
„უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად მუშაობდნენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის შესუსტებაზე და შიდა არეულობის წახალისებაზე“, – განაცხადა მან.
ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს ამერიკელ კონგრესმენებთანაც. სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს როლს შუა დერეფანში.
როგორც მან აღნიშნა: „ეს ვიზიტი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებისთვის“.
საქართველოს დელეგაციის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი კონფერენციას სუვერენიტეტისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის გარშემო გაერთიანებულ საერთაშორისო მოძრაობად აფასებს.
მისი თქმით: „სუვერენული ერების ალიანსი მხოლოდ კონფერენცია არ არის – ეს არის ერების გაერთიანება იმ ღირებულებებზე, როგორებიცაა სუვერენიტეტი, ოჯახური და ქრისტიანული ფასეულობები“.
ლაშხის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ხედვების საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერება.
„საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო დონეზე დაეყენებინა ხალხის ხმა და ესაუბრა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „იმედი გვაქვს, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი გახდება“.
კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილმაც. მისი თქმით, სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიტყვის თავისუფლებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
როგორც სეფაშვილმა განაცხადა, „თავისუფალი სიტყვა არის ის იარაღი, რომელიც აუცილებელია ერების თავისუფლების შესანარჩუნებლად“.
სეფაშვილი ხაზს უსვამს, რომ ამერიკაში გამართული შეხვედრები პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობდა.
მისი შეფასებით: „აშკარად იგრძნობოდა ინტერესი საქართველოს მიმართ და სურვილი, მიიღონ რეალური ინფორმაცია იმ თემებზე, რომელზეც ბოლო პერიოდში დეზინფორმაცია ვრცელდება“.
დელეგაციის წევრების შეფასებით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრები შესაძლოა იქცეს იმ პროცესის დასაწყისად, რომელიც მომავალში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • მარტი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *