მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესებია
By

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების გარემოსა და ევროპულ ინტეგრაციაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს თავიდან აიცილებს და საქართველოს სტაბილურობას უზრუნველყოფს.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა 2008 წლის გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პერიოდმა განსაზღვრა დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატული მიდგომა საგარეო პოლიტიკაში. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ეს აღარ განმეორდეს და „არავისთან დარეკვა აღარ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად.“
მინისტრის თქმით, მოქმედი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა წინა ხელისუფლების მიდგომისგან სწორედ რეალისტური ხედვით განსხვავდება. მისი განმარტებით, ქვეყნის საგარეო კურსი, პირველ რიგში, ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა პოლიტიკური იმიჯის შექმნის მცდელობიდან. ბოჭორიშვილის განცხადებით, „პრაგმატიზმი ნიშნავს, რომ მაქსიმალურად გაპრანჭვითა და ვიღაცებთან თავის მოწონებით კი არ ვიყოთ დაკავებული, არამედ ჩვენი საგარეო პოლიტიკა გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან.“
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესის მთავარი საფუძველი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობაა. მისი თქმით, მიუხედავად პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისა, საქართველოს მოქალაქეები სწორად აფასებენ არსებულ გამოწვევებს. „ეროვნული ინტერესი, პირველ რიგში, არის ქვეყნის უსაფრთხოება და ის უკავშირდება მშვიდობას.“
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ თავად ევროკავშირშიც არ არის სრული ერთსულოვნება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძლიერი ეკონომიკური საფუძვლის შექმნას. ბოჭორიშვილის განცხადებით, „ევროკავშირში წევრობისთვის ვერ მოვემზადებით დანგრეული ეკონომიკით.“
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიულად ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ეს არჩევანი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაშია ფესვგადგმული. მისი თქმით, „ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევი არაფერია.“
უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელისუფლების მთავარ ამოცანას, ქვეყნის დაცვასა და სტაბილურობის შენარჩუნებას. როგორც მან აღნიშნა, „მე არ ვისურვებდი, იმ მდგომარეობაში იყოს ეს ქვეყანა, რა მდგომარეობაშიც დღეს უკრაინაა.“
მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო პოლიტიკის შეფასებისას აუცილებელია რეალისტური მიდგომა და არა მოვლენების რომანტიზება. მისი თქმით, „ერთადერთი რაღაცის რომანტიზება უნდა მოვახდინოთ – ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები.“

  • No Comments
  • მარტი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *