საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
By

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ თემს ტრადიციულ იფთარზე უმასპინძლა. შეხვედრა ერთობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას მიეძღვნა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში და მათ რამადანის წმინდა თვე და მოახლოებული რამადან-ბაირამი მიულოცა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, წელსაც გიმასპინძლოთ იფთარზე. ეს შეკრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ერთობა, ძმობა და ურთიერთპატივისცემა ურყევია. თითოეულ მუსლიმს საქართველოში და მთლიან მუსლიმ თემს ვულოცავ რამადანის წმინდა თვეს. სულ მალე ისლამური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს – ეს არის ერთიანობისა და ძმობის დიდი დღესასწაული, რომელსაც ქართული სახელმწიფო თქვენთან ერთად იზიარებს. ჩვენი ძალა სწორედ იმ ერთობაშია, რომელიც ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს გვაკავშირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთ მეჩეთში ერთად ლოცულობენ. სწორედ ეს ქმნის ქართული ისლამის უნიკალურობას და მშვიდობიანი თანაარსებობის მაგალითს.
დღეს რეგიონში რთული ვითარებაა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ვუსურვებ მშვიდობის აღდგენას, რადგან მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი ხალხის კეთილდღეობა, განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იფთარზე შეკრებილ მუსლიმ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

 

 

  • No Comments
  • მარტი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *