ეუთო საქართველოს პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონსის ხელმძღვანელობით მაღალი დონის დელეგაციის რამდენიმედღიანი ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ფართო ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
დელეგაციის შეფასებით, „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებასთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსი არსებობს, თუმცა პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“. პერე ჟოან პონსის თქმით, ქვეყანაში ბევრი ძლიერი პოლიტიკოსია, თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ ახერხებს. მისი განცხადებით, „აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგის აღდგენა, რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.
სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრასამ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყნის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას. მისივე თქმით, „სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ დემოკრატიული პროცესების – არჩევნებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების გზით“.
ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება თავად ქვეყნის ხალხისა და პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაა და არა საერთაშორისო ორგანიზაციების.
ამასთან, ეუთოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის ევროსიმა პეიოვიჩის განცხადებით, მიმდინარე რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ერთიანობა. მისი თქმით, „პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო აქტივობების აკრძალვა პრობლემების გადაწყვეტის გზა ვერ იქნება, ხოლო ბოიკოტი დიალოგის ალტერნატივას არ წარმოადგენს“.
დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ სინანულით შეხვდა მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაპირისპირება.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსაც ეწვივნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ცალკე განცხადებაში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ აღნიშნა, რომ ევროპის კონტინენტზე დემოკრატიის „უსაფრთხოების ბადის“ გაძლიერებაა საჭირო. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების დაცვა და ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.