შალვა პაპუაშვილი: 2024 წელს არჩევნებზე წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა მიმდინარეობდა ქართულ დემოკრატიაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნების გარშემო გავრცელებული ბრალდებები წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია და ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენდა.
მისი თქმით, მაშინ ოპონენტები საუბრობდნენ თითქოს „300 000 ზეციურ ქართველზე“, რომლებიც არჩევნებზე გამოჩნდნენ და მმართველ პარტიას მისცეს ხმა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მსგავსი ბრალდებები 2025 წლის არჩევნების შემდეგ აღარ გაჟღერებულა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იგივე შედეგი გაიმეორა.
პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წელს არჩევნების პერიოდში ზეწოლა ხორციელდებოდა უცხოელ დამკვირვებლებზეც, რათა მათი შეფასებები შეცვლილიყო და უარყოფითი დასკვნები გაკეთებულიყო.
მისივე თქმით: „2024 წელს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, იყო ზეწოლა უცხოელ დამკვირვებლებზე, რომ შეეცვალათ თავიანთი დაკვირვების შედეგები და მოერგოთ მათი გემოსთვის“.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამტკიცებს, რომ გარკვეული საერთაშორისო სტრუქტურები და ევროკავშირის წარმომადგენლები, პირდაპირ იყვნენ ჩართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კამპანიაში.
„სინამდვილეში ოპოზიციის სახით გვყავს ბრიუსელი. ის ცდილობს კანონდარღვევით პოლიტიკაში ჩარევას, ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ქართველმა ხალხმა არ გაიგოს“.
მისივე შეფასებით, აუცილებელია ამ საკითხებზე ღიად საუბარი და „ბრიუსელის მიმართ არსებული ტაბუების“ გადახედვა.