არჩილ გორდულაძე ოპოზიციას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე მკაფიო პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციისთვის პრობლემად იქცა. მისი თქმით, ოპოზიციური ძალები, ერთდროულად, ცდილობენ დოკუმენტით სარგებლობას და ამავე დროს შეგნებულად ერიდებიან იმ თემებზე პოზიციის დაფიქსირებას, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვიოს.
გორდულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციამ მკაფიო პასუხები უნდა გასცეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის – უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული FARA, „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი“. მისივე განცხადებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო ჩარევის დაკანონებასთან დაკავშირებითაც.
მისი შეფასებით, აღნიშნული თემები უმარტივესი ტესტია, რომელიც ოპოზიციამ უნდა ჩააბაროს და საზოგადოებას ნათლად განუმარტოს საკუთარი პოზიცია „კი“ ან „არა“.
ცნობისთვის, ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც 2024 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია მიმოხილული. დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც და აღნიშნულია, რომ შეფასებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ნიშნები დაფიქსირდა.