უმრავლესობის შეფასება: საქართველო ზეწოლას არ ექვემდებარება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია და ქვეყანაზე შანტაჟი არ მოქმედებს. მისი თქმით, „ეს იმ ჟონგლიორობის ნაწილია, რომელსაც თავს არ ანებებენ ევროჩინოვნიკები და ძალები, რომელთაც საქართველოსა და ქართველი ხალხის გამოყენება კვლავ საკუთარი მიზნებისთვის სურთ. საქართველო და ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება. ერთადერთი მშვიდობის კუნძული საქართველოა“.
მისივე შეფასებით, ოპოზიციისა და „პარტიული პროპაგანდისტული მედიის“ მიერ წამოწეული თემები „ფსევდოსასამართლო დავებსა და საფრთხეებს“ უკავშირდება და რეალობას ასიმეტრიულად აცდენილია.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა კი აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად დგამს ნაბიჯებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალეა.

„ვერ ვისმენთ ვერცერთ საქმიან არგუმენტს. სახელმწიფო დგამს ძალიან სწორ ნაბიჯებს. ყველაფერი არის გამჭვირვალე, რაც ეხება ბიუჯეტის ხარჯვას, მიწების განკარგვას, ენერგეტიკულ პროექტებსა და სახელმწიფო საწარმოებს, ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ პროტექციონიზმი არ იქნება“, – განაცხადა მან.
ჟორჟოლიანის თქმით, ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე იღებს და მიზნად ბიუჯეტის ეფექტიან ხარჯვასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს. „მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს. ბიზნესი არის თავისუფალი. ასე გავაგრძელებთ აუცილებლად“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ქვეყანაში დღეს მშვიდობა შენარჩუნებულია.