2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაიზრდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ ცვლილება უკავშირდება ზოგადი განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შესაბამის სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლას ერთდროულად დაამთავრებენ, რაც აბიტურიენტთა რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. ამ მიზეზით, უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობის გაზრდა აუცილებელი გახდა.
„ცვლილება ასევე, შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.