შვიდი წლის ემილია ცეცხლაძე წარმატებებით გვახარებს
By

შვიდი წლის ემილია ცეცხლაძე წარმატებებით გვახარებს

ამ რამდენიმე დღის წინ ბათუმის სპორტული ცენტრის კლუბის წევრმა, აჭარის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ნაკრების წევრმა ემილია ცეცხლაძემ პოლონეთის ქალაქ ლოძში გამართულ საერთაშორისო ფიგურულ ციგურაობაში – „მარია ოლზევსკას მემორიალი – 2026“  თავის კატეგორიაში პირველი ადგილი და  ოქროს მედალი მოიპოვა.

ემილია თითქმის  ორი წელია, რაც მწვრთნელ ვანო ჯანჯალაშვილთან ვარჯიშობს და უკვე რამდენიმე წარმატებას მიაღწია – ტაშკენტსა და სოფიაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე მეხუთე და მეექვსე ადგილები დაიკავა. ის ნელ-ნელა, მაგრამ დაბეჯითებით მიიწევდა წინ და აი, შედეგიც – ლოძში თავის კატეგორიაში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაისაკუთრა.

სანამ ემილიაზე გეტყვით, უფრო ახლოს მის მწვრთნელს ვანო ჯანჯალაშვილს გაგaცნობთ. ის თბილისელია, ყოფილი მოციგურავე. 7 წლის ასაკიდან დედაქალაქში ვარჯიშობდა და ჰქონდა გარკვეული წარმატებები – საქართველოს ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გადიოდა. 2007 წელს სამთვიანი პროექტით ბათუმში მუშაობა შესთავაზეს,  დღემდე აქაა. ბათუმის ყინულის სასახლეში პირველად  სამოყვარულო წრეში ავარჯიშებდა ბავშვებს. 2016 წელს ჰოკეის ჯგუფი ჩამოაყალიბა, რაც ბათუმისთვის უცხო იყო. თავიდან მსურველი ცოტა იყო, თან ჰოკეისტების აღჭურვილობისთვის ბევრი რამაა საჭირო. მოგვიანებით საქმეში აქტიურად ჩაერთო მერია და ჰოკეისტებს ყველაფერი შეუძინეს. ბავშვების რაოდენობამაც იმატა. ახლა ორი ასაკობრივი ჯგუფი ჰყავს – 6-დან 8-წლის ჩათვლით და 9-დან 12-ის ჩათვლით. უკვე 40 სპორტსმენი ეუფლება ჰოკეის. მისი აღზრდილები წარმატებებსაც აღწევენ. აჭარის ღია ჩემპიონატებზე პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ, თურქეთის ქალაქ  ერზრუმის საერთაშორისო ტურნირზე კი პირველი ადგილი დაისაკუთრეს.

რაც შეეხება ემილიას, ის 5 წლის იყო, როცა ვანო ჯანჯალაშვილთან სამოყვარულო ჯგუფში მივიდა და როცა მწვრთნელმა კარგი მონაცემები შეამჩნია, შეჯიბრებებზე გაიყვანა. ვანო ჯანჯალაშვილს ემილიას მომზადებაში ეხმარებიან მწვრთნელები ლელა ჩოფიკაშვილი (რომელთანაც თითქმის ოთხი წელი ევროპის ჩემპიონი, ქართული ფიგურული ციგურაობის ერთ-ერთი წამყვანი სპორტსმენი ნიკა ეგაძე ვარჯიშობდა) და ადელინა ფადრევა. მწვრთნელი ამბობს, რომ ემილია პატარაა, მაგრამ  ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიანი გოგონაა, პერსპექტიულიც  და იმედოვნებს, რომ სულ მალე მისით არა მხოლოდ ჩვენი კუთხე, არამედ საქართველო იამაყებს.

ვანო ჯანჯალაშვილი, ასევე, ავარჯიშებს მეორე პერსპექტიულ სპორტსმენ თამარ დავითაძეს, რომელიც ასევე შვიდი წლისაა. მალე ორივე მოციგურავე ერევანში გაემგზავრება, სადაც საქართველოს ღირსებას დაიცავენ და ახლა სწორედ ამ ღონისძიებისთვის ემზადებიან.

წარმატება ვუსურვოთ პატარა მოციგურავეებს.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მარტი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *