დედაენა – ჩვენი იდენტობის, თვითმყოფადობისა და ერთიანობის სიმბოლო.
ხულოს მუნიციპალიტეტში წლებია დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საზოგადოების ჩართულობითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება
4 თაობის ხულოელები შეიკრიბნენ რაიონული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში. მათ მიესალმნენ და 14 აპრილი მიულოცეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ხულოს რესურსცენტრის უფროსმა რამაზ გელაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

„დედაენა არის ჩვენი იდენტობის, თვითმყოფადობისა და ერთიანობის სიმბოლო. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ და გავაძლიეროთ ქართული ენა, როგორც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საუნჯე“, – თქვა ვახტანგ ბერიძემ.
***
წინა საუკუნის 70-იანი წლებში 400-მდე შუახეველი სტუდენტი სწავლობდა თბილისისა და ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა უმრავლესობა მონაწილეობდა ამ ქალაქებში დედაენის დასაცავად გამართულ აქციებში. ახლა ისინი ეროვნული მეურნეობის წარმატებული და ღვაწლმოსილი მუშაკები არიან. მათ რიგებში არიან ტბეთელი რამინ ბახტაძე, ნენიელი ლევან ქამადაძე, ოლადაურელი ლევან მაკარაძე, მახალაკიძეებელი ვლადიმერ მახარაძე, ბევრიც წუთისოფლიდანაა წასული.
1978 წლიდან, 14 აპრილი – დედაენის დღე, შუახევში მაღალ დონეზე აღინიშნება. წელს საზოგადოების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის დარბაზში შეიკრიბნენ.

საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ, სახელოვნებო და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის დირექტორმა ნინო ბერიძემ. სკოლის ანსამბლ „ათინათის“ წევრებმა შეასრულეს სიმღერები, ნაწყვეტები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან, წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ფრიდონ ფუტკარაძე და თენგიზ ივანაძე ესწრებოდნენ.
„ქართული ენა, ქართული დამწერლობა თავისი მნიშვნელობითა და იდენტურობით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების ენებსა და 14 დამწერლობას შორის გამორჩეულია. ჩვენი ვალია, მოვუაროთ დედაენას “, – თქვა ომარ ტაკიძემ.
ოთარ ცინარიძე