ხულოს მუნიციპალიტეტში პროგრამა აქტიურად ხორციელდება
ხულოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობა რამდენიმე დასახლებაში ერთდროულად მიმდინარეობს.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, დაბა ხულოში, ეწყობა წყლისა და წყალარინების ქსელები, პარალელურად, მიმდინარეობს 400 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარზე არმირების სამუშაოები. დაგეგმილია არსებული მცირე ტევადობის რეზერვუარის შეკეთება და მოცულობის გაზრდა. დაბა ხულოში ასევე, დაწყებულია წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ამ ეტაპისთვის ეწყობა გაბიონი.
სოფელ ქვემო ვაშლოვანში წყალმომარაგების ქსელი შენდება, პარალელურად, რეზერვუართან მისასვლელი გზის შეკეთება მიმდინარეობს.
სოფელ თხილაძირსა და დეკანაშვილებში დასრულდა 200 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა და დაგეგმილია სხვა სამუშაოები.
„აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფელსა და დაბა ხულოს მოიცავს. ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 2 271 ოჯახი ისარგებლებს.
თამაზ მგზავრიძე