გზავნილები – ევროპიდან
ევროპელი ლიდერების განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს თემა კვლავ აქტუალურია საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში, შეფასებები კი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დროის გაწელვამ შედეგი ვერ მოიტანა და ევროკავშირს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.
„ჩვენ უკვე დავაგვიანეთ, ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ლიეტუვამ სანქციების ინიციატივა გამოთქვა ევროკავშირის დონეზე დაწესებისთვის და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, ისევე, როგორც ჩვენ ეს ეროვნულ დონეზე გავაკეთეთ. ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო იკლებს, ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. მათ ვალდებულება აიღეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე და ეს ვალდებულებები უნდა შეასრულონ. თუ ისინი ამისთვის მზად არ არიან, მაშინ ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის შესახებ“, – განაცხადა ბუდრისმა.
კრიტიკულ ტონს შეუერთდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, რომელმაც სანქციების აუცილებლობაზე ისაუბრა:
„ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს არღვევენ. ჩვენ ესტონეთში ამას უკვე ვაკეთებთ“.
თუმცა განსხვავებული აქცენტები ჰქონდა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰელენ მაკენტის, რომელმაც ყურადღება თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე გაამახვილა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობა, ისევე, როგორც უფრო ფართოდ, რეგიონში, რათა ჩვენ გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა. ირლანდიაში საქართველოს ბევრი მოქალაქეა და მათთანაც ვმუშაობთ. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ვიყოთ ჩართულები. როდესაც არსებობს მკაფიო გამოწვევები, ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, ფოკუსირებულები ვართ, რომ აუცილებელია რეფორმები და რომ ის ცვლილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, პრიორიტეტს წარმოადგენს მთავრობისთვისაც“.
ევროპელი მინისტრების ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ მიდგომა ერთგვაროვანი არ არის, ნაწილი უფრო მკაცრ ზომებზე საუბრობს, ნაწილი კი დიალოგსა და მხარდაჭერის გაგრძელებაზე. თუმცა, საერთო გზავნილი უცვლელია: საქართველოს ევროპული პერსპექტივა კვლავ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შესრულდება აღებული ვალდებულებები და განხორციელდება საჭირო რეფორმები.
ნანა აბულაძე