შტატები ლიბანს „ჰეზბოლასგან“ თავის დაცვაში დაეხმარება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გაგრძელდა. მისივე თქმით, შეთანხმების გახანგრძლივება ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს შორის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.
ტრამპის თქმით, ამასთან, შეერთებული შტატები ლიბანს „ჰეზბოლასგან“ თავის დაცვაში დაეხმარება.
თეთრი სახლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს შეხვდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ში ისრაელის ელჩი მაიკ ჰაკაბი და აშშ-ში ლიბანის ელჩი მიშელ ისა დღეს ოვალურ კაბინეტში ისრაელისა და ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! ამერიკის შეერთებული შტატები ლიბანთან ერთად იმუშავებს, რათა დაეხმაროს მას „ჰეზბოლასგან“ თავის დაცვაში. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გაგრძელდება. მოუთმენლად ველოდები, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს ვუმასპინძლო. დიდი პატივი იყო ამ ისტორიულ შეხვედრაში მონაწილეობა!“ – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება თავდაპირველად 16 აპრილს შევიდა ძალაში და 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები მაინც გაგრძელდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.