ბამბუკების ტრადიციული გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ბამბუკების ტრადიციულ გამოფენას უმასპინძლა, რომელიც იასონ გორდეზიანის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და ბუნების მოყვარულებს დაუვიწყარი დღე შესთავაზა.
გამოფენა იძლეოდა უნიკალურ შესაძლებლობას, სტუმრების ახლოს გაცნობოდნენ ბამბუკის მრავალფეროვან სახეობებს, ამ გამორჩეულ, სწრაფად მზარდ და ეკოლოგიურად მნიშვნელოვან მცენარეთა ჯგუფს. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ბამბუკის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, მის როლზე ეკოსისტემაში, როგორც ნიადაგის ეროზიის შემაკავებელ, ნახშირბადის შთანმთქმელ და მდგრად რესურსზე.
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ახალი ტალღა“ წარმოადგინა ბამბუკისგან დამზადებული კულინარიული ნაკეთობები. დეგუსტაციაზე სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი კერძები და დესერტები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ მცენარის მრავალმხრივ გამოყენებას.
ბამბუკების გამოფენა ემსახურებოდა არა მხოლოდ ამ უნიკალური კულტურის პოპულარიზაციას, არამედ, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების იდეის გაძლიერებას.