სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია
სავსე ტრიბუნები, გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა და… საქართველოს ჩემპიონის თასი კვლავ ბათუმელმა მორაგბეებმა ჩაიბარეს. მათ ზედიზედ მეორედ, ისტორიაში – მეექვსედ, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმეს.
ამჯერად ბათუმელები ქუთაისელ მორაგბეებს (გუნდი „არესი“) დაუპირისპირდნენ, თამაში 38:6 დაასრულეს და ჩემპიონის ტიტული საკუთარ მოედანზე დაიცვეს.
– ჩემთვის პირველი ჩემპიონობაა და ბედნიერი ვარ. სავსე ტრიბუნები რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა, სხვა მოტივაცია გაგვიჩნდა. მადლობა ყველას ამ ემოციებისთვის… შეცდომები, რაც წინა თამაშებში გვქონდა, გამოვასწორეთ, – აღნიშნა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მარგალიტაძემ.
პირველ ტაიმში ბათუმელებმა სამი ლელო გაიტანეს და ტაიმი 24:6 დაასრულეს. შესვენების შემდეგ, „არესმა“ მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლო, „ბათუმმა“ კი კიდევ ორი ლელო გაიტანა და მატჩი დიდი ანგარიშით – 38:6 დაასრულა.
– ვულოცავ ბათუმს დამაჯერებელ გამარჯვებას, მათ ეს შედეგი დაიმსახურეს. მთელი წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ხარისხის რაგბს თამაშობდნენ, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ.
– ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა, ძალიან გვინდოდა მოგება. მადლობა ბიჭებს, კარგად იბრძოლეს. ჩვენ შევძელით, დღეს გულშემატკივრისთვისაც მოგვეწყო ზეიმი, – თქვა სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ.
ვულოცავთ ჩვენს მორაგბეებს დამსახურებულ გამარჯვებას.
მანანა ძიძიშვილი
გალერეა



