უმაღლეს საბჭოში აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის ანგარიში მოისმინეს
By

უმაღლეს საბჭოში აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის ანგარიში მოისმინეს

„მინისტრის საათის“ ფარგლებში, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგა. მან ისაუბრა 2025 წელს გაწეული მუშაობის, ასევე, 2026 წლის პროექტების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, სამინისტროს 2025 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენდა 116 მილიონ ლარს, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტი 119 მილიონი ლარით განისაზღვრა.

„2025 წელი უპრეცედენტო იყო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტების თვალსაზრისით. 2025-2026 სასწავლო წელს აჭარის რეგიონში 10 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ გარემოში შეხვდა სასწავლო პროცესს. 2025 წელს სწავლა განახლდა სრულად რეაბილიტირებულ ბათუმის №7, სოფელ ხიხაძირის, აგარის, ზემო წინსვლის, ჯიხანჯურის, აჭყვისთავისა და ერგეს საჯარო სკოლებში.

2025 წელს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდა სტიპენდია. 2026 წელს სტიპენდიატთა რაოდენობა გაორმაგდება და, ნაცვლად 150 სტუდენტისა, 300 სტუდენტი გახდება სტიპენდიის მფლობელი. ათასზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში. საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდა 100-მდე სტუდენტს“, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

როგორც მინისტრმა კანონმდებლებთან აღნიშნა, გრძელდება მასწავლებელთა პროფესიული ზრდის პროგრამები. ასევე, იწყება ახალი პროექტები – „ჩემი დამრიგებელი“ და „აგრარული განათლების პოპულარიზაცია“.

მინისტრმა ყურადღება სპორტულ მიღწევებზეც გაამახვილა.

„სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში მოპოვებულია 373 მედალი, მათ შორის 110 – ოქრო. წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის 2025 წელს გათვალისწინებული იყო ერთჯერადი ფულადი ჯილდოები, ჯამურად 1 000 000 ლარის ოდენობით. 2026 წელს გაიზარდა სპორტის სფეროს დაფინანსება.

გასულ წელს ბათუმში ჩატარდა არაერთი მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრი. 2026 წელს ქალაქმა მეორედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში.

იზრდება ახალგაზრდების ინტერესებისა და ცოდნის რეალიზებაზე ორიენტირებული პროექტების რაოდენობა. 2026 წელს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში 15 000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება,“ – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ბათუმში, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდის ფონზე, მნიშვნელოვნად მატულობს მოსწავლეთა კონტინგენტიც. შესაბამისად, კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, განსაკუთრებით პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში.

ამ ვითარების გათვალისწინებით, უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტროსთვის, უკვე წლებია, პრიორიტეტულია, რომ ყოველ ახალ სასწავლო წელს ბათუმში, მინიმუმ, ერთი ახალი საგანმანათლებლო სივრცით შეხვდნენ – იქნება ეს ახალი სკოლის მშენებლობა, დამატებითი კორპუსების აშენება თუ არსებული ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არც 2026 წელი იქნება გამონაკლისი. ახალი სასწავლო წელიც მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყება – ბათუმის ახალი, №21  საჯარო სკოლა, სექტემბრიდან მოსწავლეებს მიიღებს.

მოხსენების შემდეგ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხა და დასძინა, რომ სამინისტრო თავისი მრავალფეროვანი პროგრამებითა და პროექტებით მუდმივად დგას ხარისხიანი განათლების სადარაჯოზე. კითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა პირველკლასელთა რეგისტრაციას, სტუდენტების სტიპენდიებს, „ოცნების ქალაქში“ სკოლის მშენებლობას, ბათუმის მე-4 და მე-5 სკოლებში სასწავლო  პროცესის განახლებას.

მინისტრის განცხადებით,  სტუდენტი, რომელიც მონაწილეობდა სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში (მათ შორის კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები), მილევად რეჟიმში მიიღებენ   დაფინანსებას. რაც შეეხება მე-5 და მე-4 სკოლებს, მინისტრის განცხადებით, მეოთხე  სკოლის შემთხვევაში  მიზეზად სახელდება ის, რომ პროექტში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რის გამოც მოხდა ხელახალი პროექტირება, მე-5 სკოლა კი დასრულების ეტაპზეა და სექტემბრიდან უკვე განახლდება სასწავლო პროცესი.  რაც შეეხება „ოცნების ქალაქში“ სკოლის  მშენებლობას, მინისტრის თქმით, მონახაზი, გენერალური გეგმა არსებობს და მიმდინარე წელს დაიწყება  პროექტირება.  მინისტრს კითხვა  დაუსვეს სკოლების ადაპტირებაზეც, რაზეც მაია ხაჯიშვილმა უპასუხა  „როცა ვამბობ, რომ 2028 წლის ბოლოსთვის აჭარის ყველა სკოლა იქნება ავტორიზებული,  ფაქტობრივად, ამაში იგულისხმება –  ყველა ნიუანსი იქნება  გათვალისწინებული, რაც უკავშირდება ადაპტირებას“ .

„მინისტრის საათის“ დასრულების შემდეგ კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ორი საკითხი განიხილეს და მიიღეს. საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ” კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს. ამ პაკეტის ინიცირება და მიღება განპირობებულია  საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით.  კანონმდებლებმა იგი მესამე მოსმენით მიიღეს.

რაც შეეხება ბოლო საკითხს, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ წარმოადგინა,  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის ცვლილებას გულისხმობს. კერძოდ, აჭარის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის თანახმად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ამიერიდან დაერქმევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემის დაცვის სამინისტრო. კანონის პროექტი უმაღლესმა საბჭომ გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით მიიღო.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • აპრილი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *