„ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“-კონფერენცია ბსუ-ში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენცია ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ, რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თეონა ბერიძემ, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლილე თანდილავამ და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ემზარ მაკარაძემ გახსნეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

კონფერენციაზე ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა და ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე. სესიის მუშაობა ორ სექციაში წარიმართა და მასში 35-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კვლევითი უნარების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.
ბსუ-ის მოსწავლეთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.