პრესის თავისუფლება და მწვავე შეფასებები – საელჩოების გზავნილები და შალვა პაპუაშვილის პასუხი
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე ქვეყნების – დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის ერთობლივ განცხადებას, რომელიც პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნება.
განცხადების მთავარი აქცენტები ასე გამოიყურება: „თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიისა და უსაფრთხოების საფუძველია“, „ჟურნალისტები ხშირად საკუთარი უსაფრთხოების ფასად იცავენ სიმართლეს“, „დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეები სერიოზულ გამოწვევად რჩება“, „საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა“, „ჟურნალისტებზე ძალადობა და საქმიანობაში ჩარევა მიუღებელია“, „მედიაწიგნიერება საზოგადოების მედეგობისთვის გადამწყვეტია“.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესებულია, საუბარია ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე, დემონსტრაციების დროს დაშავებულ და დაკავებულ მედიის წარმომადგენლებზე, ასევე, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მზია ამაღლობელის საქმესაც, რომელიც საერთაშორისო შეფასებებით, პოლიტიკურად მოტივირებულად არის მიჩნეული.
განცხადების თანახმად, მედიის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი დაცვა დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობა.
„გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საყოველთაო ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-19 მუხლით არის დაცული და მოიცავს თავისუფლად ფიქრის, ლაპარაკის, მოსმენისა და წერის უფლებას. ეს თავისუფლებები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. მათ გარეშე მოქალაქეებს არ შეუძლიათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ან საკუთარი ქვეყნის მომავალზე ღია და უსაფრთხო დისკუსიის წარმართვა.
მედიის თავისუფლების მსოფლიო დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას: დავიცვათ ყველგან ჟურნალისტების უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში
განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:
„როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც, უკვე ორი თვეა, ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, მოსაზრებას მხარს უჭერენ „მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი სახელმწიფოები: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი.
გალერეა
