შეხვედრა მსახიობ ნანუკა სტამბოლიშვილთან, ანუ ქართველი გოგონა, რომელიც სამშობლოს საგანძურივით უფრთხილდება
აჭარის მწერალთა სახლში პროექტის – „სტუმარი მწერალთა სახლში“ ფარგლებში საზოგადოება მსახიობ ნანუკა სტამბოლიშვილს შეხვდა.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მიზნად კულტურული სივრცის გააქტიურებას, ხელოვანებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაღრმავებას ისახავს.
შეხვედრაზე ნანა სტამბოლიშვილის გულშემატკივრები სხვა ქალაქებიდანაც ჩამოვიდნენ. მას თაყვანისმცემლები მრავლად ჰყავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ინტერნეტში უცხოელი ფანების არაერთი ჯგუფია შექმნილი.
შეხვედრას აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი ლალი კონცელიძე უძღვებოდა. მან შეკრებილთ ნანა სტამბოლიშვილის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა შეახსენა.
პროფესიით არამსახიობმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ საბუღალტრო-საგადასახადო ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ – მაგისტრატურა, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. მოგვიანებით, დიზაინერობას მიჰყო ხელი, შექმნა „ნანა ქართველის“ საკუთარი ხაზი, მაგრამ, როგორც თქვა, რასაც ყოველთვის ეძებდა, მსახიობობა აღმოჩნდა. იღბლიანად თვლის თავს, რადგან ირგვლივ საუკეთესო ადამიანები ჰყავს. სადაც უნდა იყოს, ყოველთვის გრძნობს მეუღლის, ლაშა მგელაძის, ოჯახის წევრების თანადგომას, ათასობით ემიგრანტის სითბოს და სიყვარულს. როგორც ნანა ამბობს, მისი ყველაზე საყვარელი წიგნი „ვეფხისტყაოსანია“, ყველაზე მეტად უყვარს სიტყვა „მადლობა“და არის ქართველი, რომელიც სამშობლოს სახელს ყველგან, სადაც უნდა იყოს, საგანძურივით უფრთხილდება.
ვინც თურქულ სერიალებს ადევნებს თვალს, იცის, რომ ბათუმელმა გოგონამ წარმატებით ითამაშა თურქული სერიალის „სხვისი შვილი“ („Emanet“) მესამე და მეოთხე სეზონში. მესამე სეზონებში მთავარი გმირის ნანა-მარიამის (ძიძის) როლი განასახიერა, სადაც მისი პარტნიორი თურქეთში ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, მსახიობი და მოდელი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი იყო, ხოლო მეოთხე სეზონში იგივე მთავარ როლში პარტნიორობა პროფესიონალმა ალბანელმა მსახიობმა და მოდელმა ნიკ ჯელილაიმ გაუწია. ის კინოინდუსტრიაში 20 წელზე მეტია მოღვაწეობს, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე ოთხჯერ დაჯილდოვდა პრიზით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ამავდროულად, პიერ კარდენის სახეა ალბანეთში. სხვათა შორის, ნიკი მოგვიანებით ნანა სტამბოლიშვილთან ერთად, ტელეკომპანია „იმედის“ შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობდა (მოცეკვავე ირა კვიტინსკაიასთან წყვილში), ნანუკა სტამბოლიშვილი კი, პროფესიონალ მოცეკვავესთან რატი გაჩეჩილაძესთან ერთად, ამ პროექტის მე-13 სეზონის გამარჯვებული გახდა. ბათუმელი მსახიობი და მოცეკვავე კიდევ რამდენიმე ტელეპროექტში ჩაერთო და ასევე წარმატებით. მათ შორის იყო რეალითი შოუ – მეგა პროექტი „კუნძული“, რომლის გადაღებები დომინიკის რესპუბლიკაში, კარიბის ზღვის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყანაში მიმდინარეობდა. ბათუმელი გოგონა აქ მაყურებელმა სულ სხვა ამპლუაში იხილა. შემდეგ იყო პეტრას ციხეზე ჩატარებული შოუ, რომელსაც ასევე წარმატებით გაართვა თავი.
ამ ცოტა ხნის წინ გაცხადდა, რომ ნანუკა სტამბოლიშვილი მონაწილეობას ახალ პროექტში მიიღებს, რამდენიმე დღეში ის თურქეთში მიემგზავრება. სერიალის გადაღებები კვიპროსში იწარმოებს და სულ მალე დაიწყება. „ადამიანები“ – ასე ეწოდება სერიალს, რომლის რეჟისორია ემინ ალფერი. მან ბერლინის კინოფესტივალზე „ოქროს დათვი“ მოიპოვა. პროექტში თურქეთში ცნობილი ისეთი ვარსკვლავი მონაწილეობს, როგორიც ბურჯუ ბირიჩიქია… მასში სხვა, არაერთი, წარმატებული მსახიობიც თამაშობს. ასე რომ, ნანა სტამბოლიშვილს უძლიერეს გუნდთან ერთად მოუწევს მუშაობა და ამ მხრივ საუკეთესო გამოცდილებასაც დააგროვებს. გვჯერა (როგორც წინა სერიალში), იგი აქაც შეძლებს ყველას შეაყვაროს თავი და ღირსეულად გააცნოს ჩვენი ქვეყანა.
პროექტი არ არის ყოველდღიური („სხვისი შვილივით“) სერიალი, რომელსაც წლობით უყურებდნენ (და არაერთ ქვეყანაში დღესაც უყურებენ) გარკვეულ არხებზე, აბსოლუტურად განსხვავებული კონცეფციის ნაწარმია. არის ციფრული პლატფორმა, რომელიც შუძლია მთელმა მსოფლიომ ნახოს. როგორც უკვე გაცხადდა, ნანუკა ამ პროექტშიც წარმოშობით უცხოელ პერსონაჟს განასახიერებს. ის, რომ ნანა სტამბოლიშვილი ყოველდღიური სერიალიდან ციფრულ პლატფორმაზე აღმოჩნდა, დიდი წარმატებაა.
უკვე ცნობილია, რომ სერიალი რვა ეპიზოდს მოიცავს, რომლის გადაღების შემდეგ, წარმოებაში ეტაპობრივად ჩაეშვება. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ნანუკამ საუკეთესო არჩევანი გააკეთა – იგი დაბრუნდა ისეთი პროექტით, რაც კიდევ უფრო ფართო განზომილებიანია და დიდ მასშტაბებზე გადის.
ყოველდღიური სერიალიდან, პირდაპირ, ციფრულ პლატფორმაზე მოხვედრა არც შემთხვევითია და არც ადვილი. ვინც ამას იაზრებს, იცის, რომ ეს ნანას შესაძლებლობებს მსოფლიო ასპარეზზე კიდევ უფრო ფართოდ უხსნის კარს. მან დაინტერესებულ სტუმრებს გაუმჟღავნა, რომ აქვს შეთავაზებები საქართველოშიც, როგორც თეატრიდან, ისე „ქართული ფილმიდან“, მაგრამ ჯერჯერობით, ეს უდროობის გამო, ვერ ხერხდება. ცდილობს, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ღირსეულად წავიდეს წინ. მისთვის მთავარია, როგორ იამაყებს მისით როგორც ოჯახი, ისე გულშემატკივარი.
ნანა სტამბოლიშვილმა არაერთ შეკითხვას უპასუხა.
– დღევანდელი შეხვედრა აჭარის მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებული პროექტია – „სტუმარი აჭარის მწერალთა სახლში“. ამ ფორმით მოგვეცა საშუალება, არა მხოლოდ მწერლები, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წარვუდგინოთ საზოგადოებას. დღეს მსახიობ ნანუკა სტამბოლიშვილს შევხვდით, რომელიც ორი წელი თურქეთში მოღვაწეობდა. სერიალს 40-ზე მეტი ქვეყნის მაყურებელი ადევნებდა თვალს, – თქვა აჭარის მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ.
– ხშირად ვარ თურქეთში, სტამბოლის უნივერსიტეტში და წარმოიდგინეთ, როგორ ვამაყობდი, რომ ასეთი შესანიშნავი ქართველი გოგონა თურქულ სერიალში მთავარ როლს თამაშობდა. მართალია, პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მიხაროდა, რომ თურქეთის საზოგადოებაც იცნობდა და კარგად იხსენიებდა. დღეს საშუალება მომეცა, ის პირადად გამეცნო და დაბადების დღეც მიმელოცა, – აღნიშნა მწერალთა კავშირის წევრმა, პროფესორმა ედიშერ ფუტკარაძემ.
– მას შემდეგ, რაც ნანუკა ჩვენს ოჯახში შემოვიდა, ერთად ვართ. ნანუკა ყოველთვის მიზანსწრაფული იყო და დღესაც ასეა. სასიხარულოა, რომ ეს მისი მონდომება და ნიჭი დაფასდა – დიდ წარმატებას მიაღწია, რაც არა მარტო ნიჭმა, არამედ მისმა შრომისმოყვარეობამ, თავმდაბლობამ, სიყვარულის გაცემამაც განაპირობა. ის ჩვენი საყვარელი გოგონაა, ჩემი ქალიშვილია… წარმატებები მინდა ვუსურვო მას, – თქვა ნანუკას მამამთილმა, პროფესორმა ნუგზარ მგელაძემ.
– მინდა ჩემი წილი მადლობა გადავუხადო დიდი სიყვარულისთვის, სითბოსთვის, გვერდით დგომისთვის, ყურადღებისთვის ნანუკას მეუღლე ლაშას, ასევე დედამთილ-მამამთილს. ის ჩვენი საამაყო გოგონაა, ვარსკვლავია, ძალიან თავმდაბალი, არაჩვეულებრივი მშობლების აღზრდილი. თურქული სერიალით „სხვისი შვილი“ ათასობით მაყურებელს გააცნო არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მისი სამშობლო. ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და დღეს აქაც ჩამოვიდნენ მის სანახავად. ეს დასაფასებელია, – აღნიშნა ბათუმელმა მაიკო სურმანიძემ.
– სერიალს მეც ვუყურებდი, ძალიან მომწონს ნანას გმირი. მან მაგალითი მომცა, რომ ადამიანი შეუპოვარი უნდა იყოს, მიზნის მისაღწევად უნდა იბრძოლოს. მადლობა მას ამისთვის. ფილმში ძალიან მომწონდა და ახლა პირადად რომ შევხვდი, უფრო შემიყვარდა, – თქვა მოსწავლე სესილია სამნიძემ.
– ამაყი ვარ, რომ თურქეთში, სადაც უზარმაზარი კინოინდუსტრიაა, გამოჩნდა ქართველი გოგონა, რომელმაც ქართველი ქალის სხვა იმიჯით – ემიგრანტის სახით, ათასობით ადამიანს შეაყვარა თავი, თუნდაც მცირე ხნით გადაატანინა ემიგრანტის რთული ყოფა. ისინი ამაყობენ ქართველობით… ამიტომ უყვართ და აფასებენ ნანუკას, – აღნიშნა თამარ გუდავამ.
– ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ძალიან საიმედო ადამიანია, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონს. როცა მიჭირს თუ მილხინს, მას მივმართავ. მინდა ნანას დიდი წარმატება ვუსურვო. ჩვენ ერთმანეთის წარმატებით ვხარობთ. როცა ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე, ის იყო ჩემი პირველი დიდი გულშემატკივარი, მან მირჩია, საკუთარი გადაცემა გამეკეთებინა, – აღნიშნა აჭარის ტელევიზიის გადაცემის „ერთი დღე სოფელში“ ავტორმა და წამყვანმა, ნანა სტამბოლიშვილის მამიდაშვილმა ნათია თავდგირიძემ.
– მეც ემიგრანტი გახლდით. მადლობა უფალს, რომ სამუდამოდ დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში. ნანუკა სერიალიდან გავიცანი. მან ყველას შეგვაყვარა თავი, სერიალში ხომ თავადაც საქართველოდან ჩასულ ემიგრანტს თამაშობს – ძიძას. ძალიან ბევრი ემიგრანტი გავერთიანდით ნანუკას „სიყვარულის“ ჯგუფებში, ამ სერიალით ვსულდგმულობდით. მიუხედავად იმისა, რომ თურქული არ გვესმის, თურქულ არხზე ამ სერიალს ყოველდღე ვუყურებდით, მერე მეგობრები გვითარგმნიდნენ. ნანუკასთან შეხვედრა დღეს ყველას უნდოდა, ვერ მოახერხეს. ქუთაისიდან სპეციალურად ჩამოვედი და ბედნიერი ვარ, რომ პირადად შევხვდი და მისი გულში ჩახუტების საშუალება მომეცა, – თქვა ქუთაისელმა ნესტან ბურჯანაძემ.
აჭარის მწერალთა სახლმა ნანუკას სპეციალური ჯილდო „ქართული კულტურის ქომაგი“ გადასცა.
– დღევანდელი შეხვედრით ბედნიერი ვარ, პირველ რიგში, დაფასება ვიგრძენი, სწორი შეფასებაც მივიღე, რაც ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ლამაზად დაიწყო ჩემი დაბადების დღე. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა და დამაფასა. კმაყოფილი ვარ, მიხარია, რომ დამსწრეებიც კმაყოფილნი დარჩნენ, – აღნიშნა შეხვედრის ბოლოს ნანუკა სტამბოლიშვილმა.
წარმატებას ვუსურვებთ მას ახალ პროექტში.
მანანა ძიძიშვილი