„ნებისმიერი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს თვითშემეცნების გზა“
ჩვენი თანაქალაქელი, პოეტი, ესეისტი ჟანა ანანიძე არა მარტო თავისი შემოქმედებით იპყრობს ყურადღებას, არამედ ნოვატორული პედაგოგიური საქმიანობითაც. გაკვეთილების საინტერესოდ და ეფექტურად წარმართვაში მას პოეტური ბუნება და გამორჩეული წიგნიერება, აკადემიური განათლება და ცოდნა ეხმარება. ნებისმიერი გაკვეთილი მოსწავლისთვის უნდა იყოს თვითშემეცნების გზა – ასე სწამს ქალბატონ ჟანას და ამ რწმენით განმსჭვალული უკვე ათი წელია, პედაგოგის რთულ, საპატიო მოვალეობას ღირსეულად ასრულებს. დღეს იგი გაზეთ „აჭარის“ სტუმარია და თავად მოგვითხრობს, სად, რას და როგორ ასწავლის.
– ქალბატონო ჟანა, პედაგოგიურ სარბიელზე თქვენმა ბოლოდროინდელმა აქტივობებმა მიიპყრო ყურადღება, მრავალი მაქებარი გამოგიჩნდათ. . . მოდით, თავად გვიამბეთ, ვის, სად, რას და როგორ ასწავლით. . .
– ამჟამად, ჩემი საქმიანობა აჭარის რეგიონის, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლას უკავშირდება. როდესაც აქაური მასწავლებლების საქმიანობას გადახედავ, შეიძლება იფიქრო, რომ ნამდვილი გმირები არიან. ყველაზე დიდი სევდა, რაც მაღალმთიანი სოფლის სკოლებს ახასიათებს – ეს არის ერთი მოსწავლე კლასში. რამდენჯერ ცრემლი მომდგომია დაცლილი სოფლებისა და დაცარიელებული სახლების გამო. . . ყოველდღე დავდივარ სიხალიძეების, გუნდაურისა და გარეტყის სკოლებშიც. ასევე, კერძო რეპეტიტორადაც ვმუშაობ. ათი წელი გავიდა, რაც მასწავლებელი ვარ, სწავლების მეთოდიკა დროთა განმავლობაში გამომიმუშავდა. მთავარ აქცენტს ტექსტის ანალიზსა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ვაკეთებ. საგაკვეთილო პროცესში ვრთავ კლასგარეშე თემატიკას, ყოველდღიური ცხოვრებისთვის შესაბამის აქტივობებს, სიმღერებს, წიგნებს და აქტიურად ვიყენებ ციფრულ ტექნოლოგიებს. მოსწავლეს მხოლოდ საგანს არ ვასწავლი, ვცდილობ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ჩამოვუყალიბო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლოს მხოლოდ გაწერილი პროგრამით; ვცდილობ, მოსწავლეებს დავანახო კავშირი კლასიკურ ტექსტებსა და თანამედროვეობას შორის, რათა სწავლა/სწავლება მათთვის ცოცხალ პროცესად იქცეს. არასდროს არაფერი გამიკეთებია სხვებისთვის თავის მოსაწონებლად. მიყვარს ჩემი საქმე. ბავშვები ჩემს გულწრფელობას გრძნობენ, ალბათ, ეს არის მიზეზი, მათ სიყვარულსა და ნდობას რომ ვიმსახურებ.
– თქვენს საქმიანობაში ცხადად ჩანს სწავლებისადმი ნოვატორული დამოკიდებულება, რითაც იზიდავთ ბავშვებს. . . ამის საილუსტრაციოდ ერთი ნებისმიერი გაკვეთილი წარმოგვიდგინეთ. . .
– ნებისმიერი გაკვეთილი უნდა იყოს მოსწავლისთვის თვითშემეცნების გზა. ერთადერთი ნამდვილი სწავლა საკუთარი თავის შეცნობაა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ადამიანმა სამყარო შეიცნოს მის გარშემო. რთულია ერთი გაკვეთილის დასახელება. ეს კომპლექსური პროცესია, საკმაოდ რთული გზა, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს მოსწავლეს, ხოლო ეს ადგილი არის ცხოვრება.
– გაკვეთილის შემოქმედებით წარმართვაში რამდენად გეხმარებათ თავად თქვენი შემოქმედებითი ბუნება, თქვენ ხომ პოეტი ხართ. . . რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი სწავლებისა და ცოდნის ეფექტურად გადაცემისათვის?
– 21 მარტს, მსოფლიო პოეზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უცხო ენების კათედრის წევრების ხელმძღვანელობით პოეზიის საერთაშორისო დღე აღვნიშნეთ. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება ლიტერატურით და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრა გამოირჩეოდა თბილი და შთამაგონებელი ატმოსფეროთი, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გააფორმეს და გაალამაზეს სტუმრებისთვის გარემო, მათთვის პოეზია ცოცხალი პროცესია და არა – მარტო ფურცლებზე დაწერილი ემოცია. თემატიკა გაზაფხულს უკავშირდებოდა, ლექსები კი კლასიკოს მწერლებს ეკუთვნოდა. ღონისძიებები კიდევ გვაქვს დაგეგმილი. სიხარულს, რაც პოეზიის საღამომ მოიტანა, მათ თვალებში ვკითხულობ. . .
– თქვენს მოსწავლეებს განსაკუთრებით რომელი ქართველი და უცხოელი პოეტები მოსწონთ. . . ვის ლექსებს აცნობთ მათ, როგორ შეძელით მათში პოეზიის სიყვარულის გაღვივება?
– პოეზია სულის მუსიკაა, რომელიც ადამიანს არ ავიწყდება.
მათ მოსწონთ როგორც კლასიკოსი, ასევე თანამედროვე ავტორები. ვცდილობ, გავაცნო ისეთი ავტორები და პოეზიის ფორმები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია ჩვენს კულტურაში.
– კარგი მკითხველის დეფიციტი მუდამ შეინიშნება, დღეს მით უმეტეს საგრძნობია ეს. . . თქვენი მოსწავლეები, იმედია, კარგ მკითხველებად ჩამოყალიბდებიან. . .
– ყოველთვის ვკითხულობ, როცა თავისუფალი დრო მაქვს. ვცდილობ, ჩემი მოსწავლეებისთვის სანიმუშო ვიყო. თავად როგორ მკითხველებად ჩამოყალიბდებიან, ეს მათზეა დამოკიდებული, მე მხოლოდ მიმართულება შემიძლია მივცე.
– წიგნი, როგორც ერთი თაობის მიერ მეორე თაობისათვის დატოვებული სულიერი საგანძური – ამ ასპექტში რომელი მწერლების წიგნებს აღიქვამთ, თქვენი ლიტერატურული ესეების არეალში რომელი მწერლები წარმოაჩინეთ?.. რახან ბევრმა მოიწონა საიტზე განთავსებული თქვენი ესეები, მათ წიგნის სახით ხომ არ შესთავაზებდით მკითხველს?
– წიგნი ნამდვილად სულიერი საგანძურია. დღეს ძალიან ბევრი წიგნი იბეჭდება და ამ პროცესს არავინ აკონტროლებს. კრიტიკა, ფაქტობრივად, არ არსებობს. მხოლოდ ლანძღვა და ზურგს უკან გესლის ნთხევაა. კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს. კრიტიკული წერილები ბავშვობიდან მიყვარდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კვირაში არა უმცირეს ორ წიგნს ვკითხულობდი, მერე ამ წიგნების ირგვლივ ინფორმაციას ვაგროვებდი. ლიტერატურის სემინარზე ვკითხულობდით ესეებს. ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ლექტორებს, განსაკუთრებით ვიგონებ ქალბატონებს თამარ სირაძესა და ნანა ტრაპაიძეს. ლიტერატურის სიყვარულის გაღრმავება მათი ლექციების დამსახურებაა. საინტერესო იქნება ჩემი პუბლიცისტიკის წიგნად გამოცემა. როდესაც შევაგროვებ საკმაო რაოდენობის რეცენზიებსა და კრიტიკულ წერილებს, აუცილებლად ვიფიქრებ მათ გამოცემაზე, იქამდე კი ვმუშაობ, ვიკვლევ და ვსწავლობ. ზოგადად, რეცენზიას სხვისი შეკვეთით არ ვწერ, მხოლოდ იმ წიგნებსა და ავტორებს ვეხები, რომელთა თემატიკა ჩემს შინაგან სამყაროსთან ახლოსაა. ეს მეხმარება ხედვის გაღრმავებაში. რაც შეეხება ავტორებს, ბოლო პერიოდში კონფენციონალური პოეზიის ქართულ მოტივებზე ვმუშაობ, მნიშვნელოვანია იმ ქალების ხმების ირგვლივ საუბარი, რომლებთანაც იკვეთება კოლექტიური ფემინური თემები, ასევე, რაინერ მარია რილკეს „მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები“, ლელა კურტანიძის „მელატონინი“, ჯუდი ლის „ერთჯერადობის ეპოქა“, ანა ჯავახიშვილის „სარდაფის ცოლები“, მზია სალვარიძის „არ გადაგვქართულდა“, ნათელა ჯანელიძის „პირანიები“, ზაურ გერგედას „შეშლილობის გამოცდილება“, ლალი კონცელიძის „ანდალუსიური დღიური“, გიორგი ზარქუას „მე აღსარებას ვაბარებ ლექსებს“, სანდრო ბერიძის „ყოფნისთვის და არყოფნისთვის“, შორენა დოლიძის „აღაზა“ და ა.შ. თითოეულ ესეში ვცდილობ, ავტორის შინაგანი მონოლოგისა და მთავარი სათქმელის ირგვლივ მომხდარი მოვლენების ასახვას.
– მწერალი, ხელოვანი ყველა საუკუნის ადამიანს ელაპარაკება. . . და მაინც, ამ საუკუნის მთავარ სალაპარაკო და სააზროვნო თემად რას მიიჩნევთ?
– ამ საუკუნის უმთავრესი თემა ძველი ტრავმების გადამუშავება, საკუთარი თავის ძიება და რეფლექსიაა, თუმცა ხელოვნებაში დრო არ არსებობს, ის მარადიული აწმყოა, ყველა საუკუნის ადამიანის ექო ჩვენ ვართ.
– ბუნების შემეცნების გზა როგორც „მეს“ შემეცნების გზა. . . როცა ამ პრიზმაში აცნობიერებთ თავს. . .
– ბუნებაში არაფერია ისეთი, რაც ადამიანს არ აქვს. ყველაზე მიუვალ ნაწილებში შეიძლება ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი.
– ციფრული სამყარო და ლიტერატურა – როგორ აისახება ცვლილებები ლიტერატურაზე. . . ახალი ტიპის ავტორები როგორ ფიქსირდებიან, რას უნდა მოველოდეთ?
– დეჰუმანიზაციის პროცესში ციფრულმა ტექნოლოგიებმა გააციფრულა წიგნიერება და მათ შორის პოეზიაც. ნაწარმოების წაკითხვა დავიდა ფეისბუქ პოსტის წაკითხვის დონეზე. შემცირდა და ფორმა იცვალა პოეზიამ, პოსტების სახით იწერება მეტწილად. ყურადღება ექცევა მოკლე, ჰაიკუს სტილში დაწერილ ლექსებს, ფრთიან გამონათქვამებს. მთლიანად არავინ არაფერს კითხულობს. ეს კატასტროფულად ვრცელდება არამარტო ჩვენს ქვეყანაში. ახლა პოეტები კითხულობენ პოეტებს, ანარეკლივით არის პოეზია, თითქოს რეფლექტურია. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის ჩაბმა ყოველდღიურ ცხოვრებაში ცალკე სავალალო შედეგებზე გავა, საჭიროა ცნობიერების ამაღლება, ისეთი ჯგუფები, რომლებიც გააკონტროლებენ ამ პროცესს.
– როგორ მეტყველებს თანამედროვე ქართველი, ახალგაზრდა, მხცოვანი. . . თქვენი დაკვირვებით, რა სტადიას გადის ენა, რა იცვლება, უკეთესობისაკენ თუ პირიქით, რას უნდა გავუფრთხილდეთ? თქვენ, როგორც უცხო ენების სპეციალისტს, სხვა ენებთან დაკავშირებითაც გექნებათ ვითარება შესწავლილი, როგორია რეალობა?
– ჩემი, და არამარტო, დაკვირვებით, ახალგაზრდების მეტყველებაში შეინიშნება ანგლისტიკური ბარბარიზმების გავლენა, რაც იმთავითვე უკავშირდება ტექნოლოგიების განვითარებას და მის უკონტროლობას. აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას, თუმცა ადამიანი გარემოს მეშვეობით ითვისებს ენას, ეს გარემოა გასაწმენდი. ხშირად ბავშვებს ისეთ რამეებს ვთხოვთ, რაც თითოეულ ჩვენგანშია აღმოსაფხვრელი.
– ქალბატონო ჟანა, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
– არაფერს შევცვლიდი. მადლიერი ვარ იმით, რაც იყო. ამ გზაზე გავიზარდე. თითოეულმა მარცხმა მასწავლა, როგორ წამოვდგე და გზა გავაგრძელო. რომ არა ის, რაც გამოვიარე, არ ვიქნებოდი ასეთი ადამიანი. არ მექნებოდა ბრძოლის უნარი და არ მეცოდინებოდა სიყვარულის შესახებ, რაც ასე გაიყინა დღეს. . . სიყვარული მამოძრავებს და მაქვს თავისუფალი ნება. ყველაფრის მიუხედავად, ავირჩიე ის, რომ კეთილი ვიყო. . .
– „სეზამ, გააღე!“ – თქვენ რა ჯადოსნურ სიტყვებს იმეორებთ, როცა დილემის წინაშე ხართ?
– ხშირად ნიჰილიზმი მიპყრობს. . . თავს ძალას ვატან და მაინც ვაგრძელებ გზას. როცა ვიღაცას სჭირდები, აუცილებლად უნდა იპოვო წამოდგომის ძალა. თან ეს „ვიღაც“, როდესაც ბავშვია, იქ ყოველგვარი უძლურება ქრება. მომავალი თაობა მინდა ძველ თაობაზე უკეთესი იყოს. მე მათი იმედი მაქვს და კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი თითო მყარი აგურის დასადებად. ქვეყნის გაძლიერება სწორედ რომ ბავშვების განათლებაზე დგას.
– ბათუმი , ბათუმელები და თქვენ. . .
– ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, არც ჩემი ქალაქია გამონაკლისი. საღამოობით, გრძელი და დამქანცველი გზის შემდეგ, საკუთარ თავს ზღვის ნაპირზე ფრთებმოკეცილი ვეკითხები ილიას სიტყვებით: „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“. . . იქნებ და ამოფრინდეს აბრეშუმის ბუდიდან შევარდენი. . . იქნებ და შევძლოთ ამდენი ტკივილის მონელება. . . ანდაც, როგორც ვახტანგ ღლონტი იტყოდა – „ბათუმი მარტო წვიმაა და არაფერი სხვა“. . . დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს მკითხველს და თქვენ, ჩემი მწარე გულწრფელობის გაზიარებისთვის.
ლაშა ხომერიკი.