„მადლიანი წერა იცოდა ფრიდონმა“
შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, არაერთი ჯილდოს მფლობელის, ცნობილი ქართველი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწე ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღე 17 მაისია. ამავე დღეს დაიბადა მისი ვაჟიშვილი, ცნობილი რეჟისორი ზაზა ხალვაში. ფრიდონ ხალვაშის სიცოცხლეშივე დაწესდა დღესასწაული „ფრიდონობა“. მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა, ქართული სიტყვის დიდოსტატებმა პოეტთან ერთად რამდენიმე „ფრიდონობა“ იზეიმეს. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების შემდეგაც ეს ზეიმი საზოგადოების აქტიური ჩართულობით აღინიშნება, იგი ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოდან იწყება, სადაც მწერალია დაკრძალული.
ცნობილ მწერლებთან, ხელოვანებთან, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
„ფრიდონობის“ მონაწილეებმა გვირგვინი და ყვავილები მიიტანეს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, სადაც შარშან მწერლის ბიუსტი დაიდგა.
პირველი „ფრიდონობა“ ფრიდონის მშობლიურ სოფელ გეგელიძეეში აღინიშნა. ტრადიცია არც წელს დარღვეულა. ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დამსახურებაცაა, რომ მწერლის სახლ-მუზეუმი და ეზო სანიმუშო ტურისტულ ლოკაციად იქცა.
შეკრებილებს მიმართა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძემ.
„მიხარია, რომ სამასი წლის სიჩუმის შემდეგ, ჩვენი ტკბილი საქართველოს უძველესმა, ულამაზესმა, მრავალწამებულმა მხარემ ისევ ამოიდგა ენა და მისმა შვილებმა თავიანთი მოკრძალებული სიტყვის სანთლები ქართული მწერლობის დიდ ტაძარში აანთეს“, – ეს სიტყვები სახელოვან პოეტ ფრიდონ ხალვაშს ეკუთვნის. ფრიდონის ლექსები გამრჯე ხარივით ეზიდებოდა სამშობლოს ჭაპანს. გულახდილად თუ ვიტყვი, მან ერთ-ერთმა პირველმა დაანახა მთელ საქართველოს თავისი ძირძველი კუთხის მშვენიერება და აქაური კაცის ძლიერი სული. თუ არა მამულზე, მშობელ ხალხზე ფიქრი, შეუძლებელი იყო საქვეყნოდ აღიარებული ლექსების: „მე არ ვიქნები შენი სტუმარი“, „გენაცვალე“, „მითხარ როგორაა მემლექეთი“, „იავნანა“, „ასი მზე დედის გულისა“, „ჩემი ხე“, „ბერთვენახი“, „სამი სიმონეთი“ და სხვა შექმნა. მას მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული დამსახურებულად, მაგრამ ვალმოხდილი კაცის განცხრომით ერთი დღეც არ შეეძლო სიცოცხლე, რადგან ის თავად იყო ჯილდო ქვეყნისა, ჯილდო საყვარელი სამშობლოსი. ფრიდონთან ერთად ნახევარი საქართველო მაინც შემომივლია. მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება იმ შეხვედრების მადლი და ხიბლი. გულგახსნილი, გულალალი, გულთბილი მოფერება ბევრჯერ ყოფილა მისი ჯილდო თბილისში, ქუთაისში, თელავში, მესხეთ-ჯავახეთში, მთასა და ბარში, სოფლებსა და დაბა-ქალაქებში. სიყვარულით ავსებდნენ მუდამ მამულის სამსახურში მყოფ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს. ეფერებოდნენ გამოჩენილი მწერლები, ხელებდაკოჟრილი მშრომელები, ინტელიგენცია, ჩინიანებიცა და უჩინონიც. სუფრის თამადადაც, როგორც წესი, მას ირჩევდნენ, მისი სწამდათ და სჯეროდათ.
ბევრჯერ მითქვამს სახალხოდ და ახლაც მინდა გავიმეორო: ბედნიერია ოჯახი, სოფელი, რაიონი, აჭარაცა და სრულიად საქართველოც, რომ ჰყავს ფრიდონ ხალვაში. იგი რომ არ გვყოლოდა, უნდა გამოგვეგონა, ჩვენს ფანტაზიას შეექმნა, რათა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითზე თაობები აღზრდილიყო. ბატონი ფრიდონიც ბედნიერად თვლიდა თავს, რომ იყო ღვიძლი შვილი და გულმართალი მწერალი თავისი ქვეყნისა. მას ჩემთვის დარდიც გაუმხელია და სიხარულიც. მისი დარდი და სიხარული კი იყო მრავალჭირგადანახადი ჩვენი კუთხე, საქართველოს აწმყო და მომავალი. მისი შემოქმედება – პოეზიაცა და პროზაც, ამის ბრწყინვალე დასტურია. მადლიანი წერა იცოდა ფრიდონმა – წერდა უბრალოდ, ლამაზად, ყოველგვარი კეკლუცობისა და კოპწიაობის გარეშე. ამიტომაც ჰყავს მილიონობით მკითხველი. ოთხმოცდახუთი წლისთავის იუბილე თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა ჩატარებულიყო. ბათუმიდან ჩავედით დედაქალაქში ფრიდონის მეგობრები და ნათესავები. ჩაგვმწარდა ყველაფერი, როცა, დასაწყისშივე, სიტყვით გამოსვლისას, სცენაზე გარდაიცვალა ქართული პოეზიის ბერმუხა, სიცოცხლეშივე კლასიკოსად აღიარებული მუხრან მაჭავარიანი. იმ ავადსახსენებელ დღეს მუხრანთან ერთად, საქართველოს მოუკვდა ფრიდონიც. იუბილე ჩაიშალა. მხნე, ღონიერი და გონიერი ფრიდონი სამ კვირაში მიჰყვა მეგობარს“, – თქვა ბატონმა დავითმა. ამით ყვლაფერია ნათქვამი ფრიდონის დიდკაცობაზე.
ოთარ ცინარიძე