პრემიერი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. როგორც პრემიერმა შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
„კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო, ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია. მადლობა მინდა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ აქცია წამლის მოთხოვნით აღარ გაგრძელდება.