„მადლობის მარში“
By

„მადლობის მარში“

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა, ბავშვებთან და მოქალაქეებთან ერთად, „მადლობის მარში“ გამართეს. მშობლების განცხადებით, აღნიშნული აქტით მადლობას უხდიან როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მშობლების მიერ გამართულ აქციებში მონაწილეობდა. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, რამდენიმეთვიანი ბრძოლის მთავარი მიზანი მიღწეულია, მათი გზავნილი კი არის, რომ ბავშვების სიცოცხლე გადარჩენილია.

შეგახსენებთ, 4 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხზე. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. ანუ, ამ შეხვედრაზე შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც დაიწყება უზრუნველყოფის კუთხით მუშაობა. კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო, ახლა არ ვასახელებთ, თუმცა, ამის შესახებ მშობლების სრულ წრეს ექნება სათანადო ინფორმაცია. მინდა მადლობა გადავუხადო შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, ისევე, როგორც ყველა მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება შექმნის საუკეთესო საფუძველს ბავშვების ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

  • No Comments
  • ივნისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *