„მსურს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქართულ ჯანდაცვის სისტემას მოვახმარო“
By

„მსურს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქართულ ჯანდაცვის სისტემას მოვახმარო“

ახალგაზრდა ექიმი დიანა ზაქარაძე, რომელმაც პროფესიული გზა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე დაიწყო, ახლა თურქეთის ერთ-ერთ წამყვან საუნივერსიტეტო კლიკაში გადის რეზიდენტურას ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის მიმართულებით და მონაწილეობს როგორც კლინიკურ საქმიანობაში, ასევე სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო პროექტებში. ჩვენი ინტერვიუერი უცხო ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

– როდის და როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა?

– ჩემი პროფესიული გზა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, რამაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაზე.

– რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ სამედიცინო გამოცდილება საზღვარგარეთ მიგეღოთ?

– მსურდა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკას, საერთაშორისო სტანდარტებსა და უახლეს სამეცნიერო მიღწევებს გავცნობოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვან კლინიკურ გარემოში მუშაობა, განსხვავებული გამოცდილების მქონე სპეციალისტებთან თანამშრომლობა და პროფესიული უნარების კიდევ უფრო განვითარება, ამიტომ გადავწყვიტე, განათლებისა და პროფესიული განვითარების ნაწილი საზღვარგარეთ გამეგრძელებინა, რაც დამეხმარა როგორც ექიმად, ისე მკვლევრად ჩამოყალიბებაში.

– რა პროგრამით გაემგზავრეთ თურქეთში და რატომ აირჩიეთ ეს ქვეყანა?

– თურქეთში პროფესიული გამოცდილების მისაღებად რომელიმე პროგრამის ფარგლებში არ წავსულვარ. მივმართე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს და ჩავაბარე დიპლომის აღიარების გამოცდა. ასევე, გავიარე ექვსთვიანი სტაჟირება სამსუნის Ondokuz Mayıs უნივერსიტეტში. შემდეგ მომეცა უფლება, მონაწილეობა მიმეღო რეზიდენტურის ეროვნულ გამოცდაში. კონკურსის საფუძველზე მოვხვდი ჩემთვის სასურველ სპეციალობაზე და გავაგრძელე პროფესიული განვითარება. თურქეთი ავირჩიე, რადგან ამ ქვეყანას აქვს ძლიერი სამედიცინო განათლების სისტემა და თანამედროვე კლინიკური ბაზები, ასევე, პაციენტთა დიდი ნაკადი პრაქტიკული გამოცდილების მიღების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

– რამდენად რთულია ცხოვრება უცხო ქვეყანაში? გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება?

– როდესაც ახალგაზრდა ხარ, დიდი მოტივაციაც გაქვს, ამიტომ სირთულეებზე ნაკლებად ფიქრობ, თუმცა უცხო ქვეყანაში ცხოვრების და პროფესიული გზის გაგრძელების პროცესში არაერთი გამოწვევის გადალახვა მომიწია, რადგან რთულია ცხოვრება კულტურულად განსხვავებულ გარემოში, ოჯახისგან და ახლობლებისგან შორს, ასევე, ახალ სისტემასთან და წესებთან ადაპტაცია. მიუხედავად ამისა, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის და დროთა განმავლობაში ვისწავლე დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობის აღება და სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაცია. გამოწვევებმა გამაძლიერა და მომცა შესაძლებლობა, უფრო თავდაჯერებული გავმხდარიყავი.

– ამჟამად რომელ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობთ და რა გამოცდილება მიიღეთ?

– 2021 წლიდან ვმუშაობ Marmara University Hospital-ში, სადაც ვაგრძელებ როგორც კლინიკურ, ისე აკადემიურ საქმიანობას. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე ინფექციური დაავადებების მართვის, ინფექციის კონტროლისა და ანტიმიკრობული მკურნალობის რაციონალური გამოყენების მიმართულებით. განსაკუთრებით აქტიურად ვარ ჩართული ანტიბიოტიკების კონტროლის (ანტიმიკრობული სტიუარდშიფის) პროგრამებში, რაც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ასევე, ვმონაწილეობ სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო პუბლიკაციების მომზადებაში. საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობამ მომცა შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვიმუშაო რთულ კლინიკურ შემთხვევებზე და პრაქტიკაში გამოვიყენო უახლესი სამედიცინო მიდგომები.

– რა სპეციალობაზე გადიხართ რეზიდენტურას და რატომ აირჩიეთ სწორედ ეს მიმართულება?

– რეზიდენტურას გავდივარ ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის მიმართულებით. სპეციალობის არჩევა განაპირობა ჩემმა ინტერესმა თერაპიული მედიცინის მიმართ. ყოველთვის მიზიდავდა ისეთი სფერო, სადაც დიაგნოსტიკური აზროვნება, პაციენტთან უშუალო ურთიერთობა და მკურნალობის პროცესში აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. ინფექციური დაავადებები აერთიანებს სწორედ ამ კომპონენტებს, ამავდროულად, მუდმივად განვითარებადი და დინამიკური მიმართულებაა. ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა ინფექციის კონტროლისა და ანტიმიკრობული თერაპიის მართვის საკითხები, რომლებიც თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

– ახლახან გერმანიაში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონგრესზე „ESCMID Global 2026“-ზე ორი სამეცნიერო კვლევა წარადგინეთ. რას შეეხებოდა ნაშრომები და რამდენად მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო თქვენთვის ასეთი მასშტაბის კონგრესში მონაწილეობა?

– ESCMID Global 2026 ინფექციური დაავადებებისა და კლინიკური მიკრობიოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონგრესია. კონგრესზე წარვადგინე ორი სამეცნიერო ნაშრომი. პირველი ეხებოდა ახალგაზრდა, იმუნოკომპეტენტურ პაციენტში ტუბერკულოზური მენინგიტის იშვიათ და რთულ შემთხვევას, რომელიც მიმდინარეობდა თავის ტვინის შეშუპებით, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებითა და მოგვიანებით განვითარებული ცერებრული ვენური სინუსების თრომბოზით. მეორე კვლევა შეეხებოდა Candida auris-ის სკრინინგის პროცესში არსებულ გამოწვევებს, კერძოდ, შარდში პირველად გამოვლენილ შემთხვევებსა და მათი მოკლევადიანი კლინიკური შედეგების შეფასებას ერთცენტრიან კოჰორტაში. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა და საკუთარი კვლევების წარდგენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, რადგან შესაძლებლობა მომეცა, გამეზიარებინა ჩემი ნაშრომები საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებისთვის, გამეცნო უახლესი სამეცნიერო მიღწევები და კიდევ უფრო ამემაღლებინა მოტივაცია სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობის გასაგრძელებლად.

– როგორც ვიცი, თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ვირუსული ჰეპატიტები და აივ ინფექცია. რა გამოწვევებს ხედავთ ამ მიმართულებით მსოფლიოში?

– ვირუსული ჰეპატიტები და აივ ინფექცია კვლავაც რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევად მსოფლიოში. მიუხედავად დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში მიღწეული დიდი პროგრესისა, პრობლემად რჩება ინფექციების გვიანი გამოვლენა, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უთანასწორობა და დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმა. აივ ინფექციის შემთხვევაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინფიცირებულთა დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობაში ჩართვა, ხოლო ვირუსული ჰეპატიტების მიმართულებით – დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და ელიმინაციის პროგრამების ეფექტიანი განხორციელება. ვფიქრობ, ამ პრობლემებთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრევენციას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და თანამედროვე სამედიცინო სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას.

– რა არის ყველაზე რთული და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ექიმის პროფესიაში?

– ვფიქრობ, ექიმის პროფესიაში ყველაზე რთული დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უკავშირდება. ხშირად გვიწევს რთულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მაღალ პროფესიონალიზმსა და ემოციურ გამძლეობას მოითხოვს. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პაციენტის დახმარებისა და მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობაა. პაციენტის გამოჯანმრთელება ან მდგომარეობის გაუმჯობესება ექიმისთვის ყველაზე დიდი პროფესიული კმაყოფილებაა და ამ პროფესიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

– როგორ ფიქრობთ, თურქეთში არსებული რომელი პრაქტიკა ან გამოცდილება შეიძლება იყოს სასარგებლო საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის?

– ვფიქრობ, თურქეთის სამედიცინო განათლების სისტემიდან საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა რეზიდენტების პრაქტიკულ საქმიანობაში ადრეული და აქტიური ჩართულობა, თუმცა ამ ეტაპამდე მისვლას წინ უძღვის საკმაოდ ინტენსიური მომზადება – მეექვსე კურსიდან სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ კლინიკურ პრაქტიკასა და მორიგეობებში, ხოლო შემდეგ აბარებენ რეზიდენტურის კონკურენტულ და ძალიან რთულ ეროვნულ გამოცდას. რეზიდენტურის პერიოდში, დაახლოებით 6-8 თვის შემდეგ, ექიმები უკვე დამოუკიდებლად მორიგეობენ და ამბულატორიულ პაციენტებსაც თავად იღებენ. პაციენტი პირველად სწორედ რეზიდენტთან ხვდება და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერთვება ხელმძღვანელი ექიმი. ეს სისტემა ახალგაზრდა ექიმებს თავიდანვე აჩვევს დამოუკიდებელ აზროვნებას, პასუხისმგებლობის აღებასა და გადაწყვეტილებების მიღებას. მართალია, საწყის ეტაპზე, ეს პროცესი ემოციურად რთულია და შიშის განცდაც ბუნებრივია, მაგრამ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად თავდაჯერებულობა იზრდება და ექიმი პროფესიულად სწრაფად ვითარდება.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ და გეგმავთ თუ არა მიღებული ცოდნა-გამოცდილების საქართველოში გაზიარებას?

– რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარი ცხოვრების ზუსტად დაგეგმვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მედიცინის სფეროში, სადაც მუდმივად ჩნდება ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები, თუმცა რამდენიმე თვეში ვასრულებ პროფესიულ მომზადებას Marmara University Hospital-ში და ვაპირებ საქმიანობის საქართველოში გაგრძელებას. მსურს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ქართულ ჯანდაცვის სისტემას მოვახმარო. საკუთარ თავს მომავალში ვხედავ როგორც კლინიკურ საქმიანობაში, ისე აკადემიურ და სამეცნიერო სფეროში. ვფიქრობ, ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობაც.

ნინი ჩხარტიშვილი

  • No Comments
  • ივნისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *