„ბერმუხის“ ხელმძღვანელს 80 წლის იუბილე გადაუხადეს
By

„ბერმუხის“ ხელმძღვანელს 80 წლის იუბილე გადაუხადეს

40 წელზე მეტია, ეროვნულ ფოლკლორს ახალ-ახალი შენაძენით ამდიდრებს ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“. ეთერ დეკანაძისა და ავთანდილ ბოლქვაძის ინიციატივით დაარსებულმა ანსამბლმა დროის ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც, რეზო აბულაძის ხელმძღვანელობით, ქვეყნისა და უცხოეთის სცენებზე გამოდის. „ბერმუხის“ ხელოვნებას მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში იცნობენ.

ამ დღეებში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაბადებიდან 80 წლის იუბილე გადაუხადეს „ბერმუხის“ სამხატვრო ხელმძღვანელ რეზო აბულაძეს.

– რეზო აბულაძის ოჯახი ათეული წლებია, საზოგადოების ყურადღების არეალშია მოქცეული. ქართული ფოლკლორის თაყვანისმცემლებთან ერთად, რეზოს ოჯახთან შემოქმედებითი ურთიერთობები გვაკავშირებს მხატვრებს. საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი იყო მისი სიმამრი სიმონ ართმელაძე, მამის კვალს გაჰყვა მისი ქალიშვილი, რეზოს მეუღლე ესმა ართმელაძე, რომელმაც მეუღლის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს საკუთარი ნახატების გამოფენა მიუძღვნა. თეატრის ფოიეში გამოფენილ ნახატებს დამთვალიერებელი მრავლად ჰყავდა,- გვითხრა აჭარის მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძემ.

საიუბილეო საღამო „ბერმუხისა“ და მისი ხელმძღვანელისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმით გაიხსნა. საღამოს წამყვანმა, ხულოელმა პოეტმა ნანა (ნანო) შაინიძემ აღნიშნა: „ამ დარბაზში მყოფი თოთოეული ჩვენგანი უფლის მადლიერი ვართ, რომ შეგვახვედრა ადამიანს, რომელმაც თავისი ადამიანობით, უბრალოებით, კეთილსინდისიერებით, ხელოვნების დიდი სიყვარულითა და გამორჩეული საშემსრულებლო მანერით დაგვამახსოვრა თავი და გაგვაბედნიერა…“ მან რეზო აბულაძის ცხოვრების, შემოქმედების, საზოგადოებასთან ურთიერთობის 80-წლიან გზაზე ისაუბრა. რევაზ აბულაძე ხულოს რაიონის სოფელ ზედა ვაშლოვანში დაიბადა. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, შემდეგ – დედაც. მეხუთე კლასის მოსწავლე ხუთმა დამ გაზარდა. ოთხი მათგანი მარადისობას შეუერთდა და მხოლოდ ქალბატონი დარიკო შემორჩა ნუგეშად და იმედად.

რეზოს წლებმა თავი რომ შეახსენა, ვეტერინარის სპეციალობა გვერდზე გადადო და 2005 წლიდან სკოლაში დაიწყო მუშაობა სამხატვრო წრის ხელმძღვანელად. 2008 წელს „ბერმუხაში“ მიიწვიეს, რომლის ხელმძღვანელობა 16 წლის წინ ანდეს . მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ანსამბლ „ბერმუხის“ წევრებს და მას მიღებული აქვთ დიპლომები, მედლები, საქართველოს და აჭარის მთავრობების მადლობები, გრან პრი. გაუხსნეს ვარსკვლავი, აჭარისა და ხულოს ხელმძღვანელობის ხელშეწყობით სატბაოს უბანში ანსამბლ „ბერმუხის“ შესრულებული „ხორუმის“ მონუმენტი დაიდგა. რეზო და „ბერმუხელები“ ერთხელ კიდევ წარსდგნენ საიუბილეო საღამოს მონაწილეების წინაშე.

საიუბილეო საღამოზე მოვიდნენ 5 შვილი, 9 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი… მათთან ერთად, იუბილარს მიესალმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. იუბილარის მისამართით კეთილი სიტყვები არ დაიშურეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ხულოს კულტურის ცენტრის მოქმედმა და ყოფილმა დირექტორებმა ლევან ქედელიძემ, ჯუმბერ აბაშიძემ, მეუღლე ესმა ართმელაძემ და სხვებმა.

საიუბილეო საღამოს ფარგლებში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლი ,,ხულო“, ხულოს სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ანსამბლი ,,ციცინათელა“, დიდაჭარის სასოფლო კლუბთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მერმისი“, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული გოგონათა ბენდი ,,გოდერძი“, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ეთნოგრაფიული ანსამბლი – ,,ხელგაშლილა“. მსახიობმა გურამ თავართქილაძემ წაიკითხა ზურაბ გორგილაძის ლექსი „სულხან-საბა“.

– ვემსახურებოდი და ახლაც შემწევს უნარი, ვემსახურო ხელოვნებას, გავამხნევო და გავახარო ჩემი საქართველოს ყველა ასაკის ადამიანი. მსურს, აქამდე მოტანილი ჩვენი წინაპრების ცეკვის ილეთები დავიწყებას არ მიეცეს და ხულოს ახალგაზრდობამ გააგრძელოს ანსამბლ „ბერმუხის“ ტრადიციები, – თქვა საღამოზე იუბილარმა.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივნისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *