„მხოლოდ ყვირილი, შინაარსის გარეშე, არ არის პოლიტიკა, ეს ცვლილებებს არ მოიტანს“
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ოპოზიციის მდგომარეობა, პარტიული პრინციპები და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა ის თემებია, რაზეც მსჯელობენ არა მხოლოდ პოლიტოლოგები, არამედ, უპირველესად, პოლიტიკოსები. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობს პოლიტიკოსი მირდატ ქამადაძე პარტიიდან წასვლის მიზეზებზე, ოპოზიციის გამოწვევებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
– ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრებდეთ, მინდა გკითხოთ: რატომ დატოვეთ პარტია, რა ფუნდამენტური განსხვავება იყო, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელი აღმოჩნდა?
– ჩემი გადაწყვეტილება არ იყო სპონტანური, ეს იყო დიდი ხნის ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. დიდხანს ვაკვირდებოდი პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დაიწყო და „ნაციონალურ მოძრაობაში“ რთული პოლიტიკური პროცესებით გაგრძელდა, ბოლოს კი პარტია „ახალის“ შექმნით დასრულდა. დავრწმუნდი, რომ პოლიტიკა არის საუბარი და, პირველ რიგში – იმ ადამიანებთან, ვინც არ გეთანხმება, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ეს საუბარი უნდა იყო გასაგები ადამიანებისთვის, ანუ შეეხებოდეს იმას, თუ რა იქნება ცვლილებების შემდეგ. თუ ადამიანებს არ ეცოდინებათ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე და დარჩებათ განცდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ცხოვრება იქნება უფრო ბუნდოვანი, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ეს იყო ჩემი მთავარი განსხვავებული შეხედულება, რაზეც პარტიაში ლიდერებთან მქონდა საუბარი. ყველამ იცოდა ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, პარტიულ ღონისძიებებში დიდი ხანია აღარ ვმონაწილეობდი, აღარც პოლიტსაბჭოს სხდომებს ვესწრებოდი, არც სხვა აქტივობებს. ამის მიზეზი არ ყოფილა არც პირადი კონფლიქტი და არც ემოციური ფონი. მიმაჩნდა, რომ პარტიას უნდა შეეცვალა თავისი მიდგომები ანუ სხვანაირად უნდა ეკეთებინა პოლიტიკა, მხოლოდ ყვირილი, შინაარსის გარეშე, არ არის პოლიტიკა, ეს ცვლილებებს არ მოიტანს. ამის შესახებ ბევრი ვისაუბრეთ პარტიაში, მაგალითად, თუნდაც „გირაოს არ გადავიხდით“ კამპანიის გარშემო რაც მოხდა, არცთუ სამართლიანი მგონია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კამპანიის თითქმის ყველა მონაწილე გარეთ აღმოჩნდა, ბევრმა გირაო გადაიხადა, ნაწილი კი ბევრად მძიმე ფასს იხდის. ეს ერთი ადამიანის შეცდომა არ იყო – ეს მთლიანად ჩვენი პოლიტიკური კულტურის პრობლემაა, სადაც ემოცია ხშირად საღ აზრზე წინ გარბის და მერე ამ შეცდომების აღიარება არავის უნდა. ასევე, მნიშვნელოვანია, პარლამენტის ბოიკოტს ვიყენებთ როგორც ბრძოლის იარაღს, თუ სხვა რამეს ვთავაზობთ ამომრჩეველს. პასუხისმგებლიანი პარტია ვალდებულია, ყველა სხვა ალტერნატიული სივრცე და საშუალება ეძებოს და ეს ტრიბუნა გამოიყენო განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან შესახვედრად. მნიშვნელოვანია იმ მოქალაქეებს ესაუბრო, რომლებიც გუშინ ხმას არ გაძლევდნენ და მაქსიმალურად გააგებინო, რა გინდა პოლიტიკაში, რას ითხოვ ანუ ცვლილებების შემდეგ როგორ ქვეყანას ჰპირდები მათ. ეს ჩემი პოზიცია იცოდა ყველამ. არსებობდა, ასევე, სხვა საკითხები, რომელთა გამო უთანხმოება მქონდა თანაპარტიელებთან. დღეს ყველა საუბრობს იმაზე, თუ როგორი უკანონობაა ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა როგორ არ ვარგა და როგორ იყენებს ამას ხელისუფლება სათავისოდ. ამაზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ამ პროცესში. სწორედ ისინი აღმოჩნდნენ მართლმსაჯულების მსხვერპლი. სავალალოდ, მათგან არავინ საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება, ანუ გამარჯვებული პარტია დამარცხებულის წინააღმდეგ არ გამოიყენებს სისტემას, ამაზე უნდა ისაუბრონ პოლიტიკოსებმა. მოკლედ, დიდი აცდენა იყო ჩემსა და პარტიას შორის. როცა დავინახე, რომ არაფერი იცვლებოდა, მივიღე პარტიის დატოვების გადაწყვეტილება.
– როგორც აღნიშნეთ, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, ამ მხრივ როგორი იყო პარტიის ლიდერების პოზიცია?
– პარტიის ლიდერებთან მქონდა საუბარი, კონკრეტული თარიღი, თუ როდის დავტოვებდი პარტიას არ შემითანხმებია, მაგრამ რადგან ჩვენი ხედვები განსხვავდებოდა, იცოდნენ, თუ რამე არ შეიცვლებოდა ამ კუთხით, მე არაფერი მესაქმებოდა პარტიაში. ჩემი ხედვები, პოზიცია გავუზიარე ნიკა მელიას, რომელიც ციხეშია, საწინააღმდეგო არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გადამედგა ასეთი ნაბიჯი, არ მომისმენია არავისგან. შესაბამისად, მივიღე ეს გადაწყვეტილება.
– ოპოზიცია რომ თავის სიმაღლეზე არ არის, ცხადყოფს სააკაშვილისა და მელიას ურთიერთდაპირისპირება. რას ფიქრობთ?
– რაც შეეხება სააკაშვილის და ნიკა მელიას დაპირისპირებას, ამასთან დაკავშირებით სიღრმეებში არ შევალ, ისინი პატიმრები არიან, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია – ისინი არიან პოლიტპატიმრები! პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, თუ რას ვთავაზობთ მოსახლეობას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ანუ არ გვყავდეს პოლიტპატიმრები, სასამართლო დამოუკიდებელი იყოს ყოველგვარი ზეგავლენისგან და ა. შ. ვისურვებდი, რომ პოლიტიკაში სიმართლე იყოს ანუ თუ სააკაშვილი ამბობს, რომ ვინმემ უღალატა, უნდა თქვას, ვინ უღალატა. ასევე, ვისურვებდი, რომ მელიასაც ესაუბრა ამ მხრივ სრულყოფილად. საზოგადოებას როცა საჯაროდ და ცხადად ესაუბრები ამ ყოველივეზე, პოლიტიკაში ეს ქმნის ამინდს, რომ პროპაგანდამ ვერ გაიმარჯვოს.
– თქვენი აზრით, იყო თუ არა შეცდომა ოპოზიციის ძირითადი ნაწილის პარლამენტში არშესვლა და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი?
– დრომაც აჩვენა, რომ ჩვენ შეგვეძლო უფრო რაციონალური გადაწყვეტილებები მიგვეღო. გასაგებია, რომ ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, სხვადასხვა ეტაპზე ეს იარაღი პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენეს, მაგრამ მეტი სიფრთხილე და მეტი ფიქრი გვმართებდა, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა გამოცდილება (2020 წლის არჩევნების შედეგების), როდესაც ბოიკოტი გამოცხადდა, სიები ჩაიხსნა, მაგრამ ამან რა შედეგი მოიტანა, ვნახეთ. შესაბამისად, იგივე წრეზე წასვლა არ იყო მართებული. ამ მხრივ, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ამ ნაწილშიც ვფიქრობ, რომ უფრო საჯარო უნდა ყოფილიყო ამაზე საუბარი, არ შეიძლებოდა პოლიტიკოსების დამუნათება, რომ ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ის მოღალატეა, ჩვენ ამომრჩევლისთვის დისკუსიის ფარგლებში უნდა გვეთქვა, თუ რატომ არის არჩევნებში მონაწილეობა ან არასახარბიელო, ან – კარგი. სამწუხაროდ, ვერც ამ საკითხში იქნა აზრი მკაფიოდ გამოთქმული. შესაძლებელია, ორივე საკითხი ყოფილიყო გამართლებული, თუ ოპოზიციის ხედვა იქნებოდა ერთიანი, ვგულისხმობ იმას, რომ თუ მთელი ოპოზიცია არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ამას ექნებოდა ეფექტი. ასევე, თუ ოპოზიცია ერთიანად შევიდოდა არჩევნებში, ამასაც ექნებოდა ეფექტი. შესაძლებელია არჩევნები დიდ ქალაქში მოგებული ყოფილიყო, ამას ახლა დარწმუნებით ვერ იტყვი. მოკლედ, ამის თაობაზე ფართო დისკუსია უნდა გამართულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, რაც მმართველი გუნდისთვის სახარბიელო აღმოჩნდა, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ნაწილმა – არა. ეს უნდა იყოს გაკვეთილი პოლიტიკოსებისთვის, რომ ემოციების დონეზე არ იყოს მიღებული გადაწყვეტილება, საერთოდ, პოლიტიკოსის მთავარი ამოცანაა განსაზღვროს, მეორე-მესამე ნაბიჯი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის თვალსაზრისით, ანუ არ მიიღოს ემოციური გადაწყვეტილება. ამაში ვხედავ პრობლემას!
– ახლა ქვეყანაში მიმდინარე სხვა საკითხებსაც შევეხოთ: მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების თაობაზე. რა მოლოდინი გაქვთ?
– პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით დასავლეთის პოზიცია ცნობილია მმართველი გუნდისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ მათი შეშფოთება დიდად არაფერს შეცვლის, ჩვენი პრობლემაც ეს არის, რომ მხოლოდ დასავლეთზე ვართ დამოკიდებული, ამ მხრივ ქმედით ნაბიჯებს არ ვდგამთ. ჩვენ უნდა გვაღელვებდეს არამხოლოდ ის, თუ რას იტყვის დასავლეთი. ცხადია, ევროკავშირი და აშშ არ მიესალმებიან პარტიების აკრძალვას, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ასეთი საკითხები არ დადგეს დღის წესრიგში? ამიტომ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ მოსახლეობას გასაგებად უნდა ვესაუბროთ, ისინი ინერტულნი არიან და მხოლოდ არჩევნებზე მისვლით გამოხატავენ პოლიტიკურ მიზანს. ჩვენ რომ მართლა გვქონდეს თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტები, მაშინ მმართველი პარტია საწადელს ვერ მიაღწევდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული. მკითხაობას ვერ დავიწყებთ, ნებისმიერი სცენარია მოსალოდნელი. მინდა მქონდეს მოლოდინი იმისა, რომ ქვეყანაში ხვალ და ზეგ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯს (ვგულისხმობ რიგით მოქალაქეებს) პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად და დავიწყებთ ღია დისკუსიას, თუ როგორი ქვეყანა მოვაწყოთ. ამ მხრივ საუბარი საჭირო და აუცილებელია.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: როგორ დაახასიათებდით საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობას?
– უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველო-ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობები, სამწუხაროდ, დიდ კრიზისშია. ჩვენი ხელისუფლება უკანასკნელი სიტყვებით ლანძღვს დასავლეთს, რაც ლოგიკასთან შეუსაბამოა. ერთი მხრივ, ამბობდე, რომ მივისწრაფით ევროკავშირისკენ და, მეორე მხრივ, აკეთებდე ანტიევროპულ განცხადებებს (რასაც აკეთებს მმართველი პარტია), ერთგვარად ქართულ ანდაზას გვაგონებს: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. დიახ, გვაკვირვებს რეპრესიული კანონები, ანტიდემოკრატიული ნაბიჯები.
– სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ საქართველო ახლა უფრო სუვერენული ქვეყანაა და არავის დირექტივებს არ ემორჩილება. თქვენი აზრი ამის შესახებ…
– ცხადია, სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ სუვერენიტეტი არ უნდა იყოს იზოლაცია. „ქართული ოცნება“ დღეს რასაც სუვერენიტეტს ეძახის, არის იზოლაცია. სუვერენიტეტი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციაში, როგორც თანასწორი არსებობდეს და ჰყავდეს მეგობრები, პარტნიორები.
– დაბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ. . .
– ამ წუთში არაფრის თქმა შემიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიმართებით არ ვფიქრობ და არ ვმუშაობ, მათ შორის საკუთარ თავთან, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. როცა მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმით განვაგრძობ პოლიტიკურ საქმიანობას, საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.
ლაშა ხომერიკი.