რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ კულტურულ პროექტებზე ისაუბრეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს კულტურის მინისტრთან თინათინ რუხაძეთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა ესწრებოდა.
მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე სახელოვნებო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით პარტნიორობის საკითხები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს. ასევე, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ კულტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარა მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო ფესტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და კულტურის სფეროს განვითარებას.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ცენტრალურ და რეგიონულ უწყებებს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში დაგეგმილი ინიციატივებისა და პროექტების წარმატებით განხორციელებას.